Thumbnail

ქეცბაია და 40 გრადუსი - ქვილითაიამ ანორთოსისთან მატჩამდე რაპიდი გააფრთხილა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ის განსაკუთრებული მწვრთნელია, რომელიც დისციპლინას დიდ ყურადღებას აქცევს'
  • 27 წლის ქართველ ფეხბურთელს ავსტრიულ კლუბშიც უთამაშია და კვიპროსულშიც

უეფას ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი ანორთოსისი ვენის რაპიდს ეთამაშება. მომავალი დაპირისპირების წინ, ავსტრიული Kronen Zeitung გიორგი ქვილითაიას შეეხმიანა, რომელიც რაპიდში თამაშობდა, გასული სეზონი ანორთოსისში გაატარა, ამჟამად კი, კვიპროსულისვე აპოელ-ის ღირსებას იცავს.

“მართალი გითხრათ, თავდაპირველად, როდესაც აქ ჩამოვედი, მეგონა, უფრო დაბალი დონე იქნებოდა, თუმცა, ასე არაა. ამდენად, ვფიქრობ, რომ შანსები 50/50-ზეა. რაპიდელებისთვის რჩევის მიცემა გამიჭირდება, მითუმეტეს, რომ იქ ნახევარზე მეტი გუნდი შეიცვალა, თუმცა, თემურ ქეცბაიაზე მაინც უნდა ვთქვა. ის განსაკუთრებული მწვრთნელია, რომელიც დისციპლინას დიდ ყურადღებას აქცევს. მას ფეხბურთელების მოტივირების საოცარი უნარი გააჩნია. რაპიდს ძალიან გაუჭირდება სტუმრად, ამდენად, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ შინ სასურველი უპირატესობა დაიბევოს. კვიპროსში ქომაგები თქვენს სასტუმროსთანაც კი მოვლენ, რათა დისკომფორტი შეგიქმნან. ამასთან, საოცარი სიცხეა, ტემპერატურა 40 გრადუსამდე ადის. მზის ჩასვლის მერეც კი გაუსაძლისი კლიმატია. ამას მალე ვერ მიეჩვევი”, - განაცხადა ქვილითაიამ.

ცნობისთვის, თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი ანორთოსისი რაპიდს უკვე შეხვედრია და იმ დაპირისპირებიდან კარგი მოგონებები აკავშირებს. 2008-09 წლების ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ფამაგუსტელებმა ვენელებს შინ 3:0 მოუგეს, სტუმრად კი 1:3 დამარცხდნენ და მომდევნო რაუნდში გააღწიეს. სეზონში ანორთოსისმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გააღწია, სადაც 6 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო, ამასთან 2-ჯერ ეთამაშა ფრედ ბრემენის ვერდერს და ერთხელ – მილანის ინტერს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ქვილითაიამ ნიქოზიის აპოელ-თან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2024 წლის მაისში გაუვა. გასული სეზონში ის ბელგიური გენტიდან ანორთოსისში იყო განათხოვრებული და კვიპროსის ჩემპიონატის 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა. "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, ქვილითაია 1.8 მილიონი ევრო ღირს. საქართველოს ნაკრებში მას 30 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები