Thumbnail

დინამო ბათუმი კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სივასპორს ეთამაშება. პირველი დაპირისპირება ბათუმში 4 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო - 12 აგვისტოს. პირველი შეხვედრის წინ თურქული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ და ფორვარდმა კაიოდე ოლარენვაიუმ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრეს.

თურქულმა გუნდმა უეფას ახალ ტურნირში გამოსვლა, საქართველოს ვიცე-ჩემპიონისგან განსხვავებით, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც მოლდოვური პეტროკუბი ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა.

რიზა ჩალიმბაი (სივასპორის მწვრთნელი):

...დინამოთან დაპირისპირებაზე: "ეს ჩვენთვის რთული დაპირისპირება იქნება. ერთი შეხედვით, დინამო ბათუმის ბარიერი მარტივი ჩანს, თუმცა ეს ასე არ არის. ქართულ კლუბს ძალიან კვალიფიცირებული გუნდი და ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენთვის რთული შეხვედრა გამოვა და დაპირისპირების ბედი აქ არ გადაწყდება, რადგან ორ შეხვედრას ვთამაშობთ და ვფიქრობ, ყველაფერი თურქეთში უნდა გაირკვეს".

...დანაკლისის შესახებ: "დიდი დანაკლისი გვაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში 7-8 ფეხბურთელი ტრავმის გამო არ გვეყოლება. მიუხედავად ამისა, არ გვეშინია. გასულ სეზონში ევროპალიგაზე კარგად ვითამაშეთ. ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე მაშინაც გვაკლდა, თუმცა კარგი გამოცდილება მივიღეთ. დანაკლისის მიუხედავად, გვყავს სხვა მოთამაშეები, რომლებსაც ვენდობით".   

...საქართველოს და თურქეთში არსებული სიტუაციის შესახებ: "საქართველო მეზობელი ქვეყანაა და ძალიან გვიყვარს. ქართველები ძალიან სასიამოვნო ხალხია. კარგია, რომ სამშობლოსთან ახლოს გვიწევს თამაში. ჩვენს ქვეყანაში ხანძრის გამო მძიმე დღეებია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მოედანზე ყოველთვის მხოლოდ მოსაგებად გავდივართ და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

კაიოდე ოლარენვაიუ (სივასპორის ფორვარდი): 

"აქ ჩამოსვლისას მწვრთნელმა ბევრი მითითება მოგვცა და ვფიქრობ, მზად ვართ ჩვენი საქმე შევასრულოთ და თამაშიდან საუკეთესო შედეგი მივიღოთ".

დინამო ბათუმისა და სივასპორის წყვილში გამარჯვებულს პლეი ოფში მეტოქედ პლოვდიდის ლოკომოტივსა და კოპენჰაგენს შორის მოგებული ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები