Thumbnail

დინამო ბათუმი კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სივასპორს ეთამაშება. პირველი დაპირისპირება ბათუმში 5 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო - 12 აგვისტოს. პირველი შეხვედრის წინ ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და მეკარე ლაზარე კუპატაძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ გეგუჩაძე პრესკონფერენციაზე დინამოს ფანების, 'შავი ზღვის პირატების' მაისურით მივიდა.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)

...დინამო ბათუმის მზადყოფნასა და შანსებზე: "ძალიან დიდი ძალა გაიღეს ფეხბურთელებმა ბატე-სთან თამაშში. ამას დაერთო მგზავრობაც. დასასვენებლად ორი დღე მივეცით. ვფიქრობ, აღვიდგინეთ ძალები. ყოველ შემთხვევაში, გუნდი სათამაშოდ სრულ მზადყოფნაშია და შანსები თანაბარია." 

...ბატე-ს და სივასპორის შედარება: "ცოტა განსხვავებული სტილის გუნდებია, თუმცა საერთოც მრავლად აქვთ. გუნდის სიძლიერე ალბათ მოედანზე უნდა შეფასდეს, მაგრამ ის, რომ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, უდაოა. ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის - მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის, ეს უდიდესი გამოცდილებაა და ვნახოთ, რა იქნება". 

...დანაკლისზე: "ვამარა სანოგოსთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ. ჩვენდა სამწუხაროდ, ლუკაშ გროცურეკი სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. კოვიდი აქვს გიორგი ზარიას, რომელიც ვერ დაგვეხმარება". 

...გულშემატკივრების შესახებ: "ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგია, როდესაც ტრიბუნებზე მაყურებლები არიან და მიუხედავად იმისა, რომ წნეხის ქვეშ ვიქნებით, ამაზე უარის თქმა წარმოუდგენელია. პირიქით, ჩვენი გულშემატკივარი, ჩვენი ფან-კლუბი უდიდესი მოტივატორია ყველა ჩვენთაგანისთვის. უბრალოდ, არის მომენტები, როდესაც რაღაც გამოგდის, რაღაც - არა. ალბათ, ლაზარეც დამეთანხმება, რომ როცა გულშემატკივარი გვერდში გიდგას, ერთად თამაშობთ და ერთად იგებთ, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს".   

ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმის მეკარე)

...გუნდში არსებულ განწყობაზე: "გამომდინარე წინა მატჩიდან, განწყობა ამაღლებულია. მომავალ თამაშთან დაკავშირებით გვაქვს გეგმა. შევეცდებით, რომ ის შევასრულოთ და ისე ვითამაშოთ, რომ მოწინააღმდეგეს მოედანზე დისკომფორტი შევუქმნათ".

დინამო ბათუმისა და სივასპორის წყვილში გამარჯვებულს კონფერენსლიგის პლეი ოფში მეტოქედ პლოვდივის ლოკომოტივსა და კოპენჰაგენს შორის მოგებული ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები