Thumbnail

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ (67 კგ.) საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მე-7 მედალი ვერ მოუტანა. ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს დაპირისპირებაში მსოფლიოს 3-გზისა და ევროპის 2-გზის ჩემპიონ ფრანკ შტაბლერს გაეჯიბრა და 32 წლის გერმანელთან 4:5 წააგო. რამაზი მეტოქეს 1:5 ჩამორჩა და მართალია, მას ქულამდე მიუახლოვდა, გადამწყვეტი ილეთის განხორციელება ვეღარ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ზოიძემ მერვედფინალში მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ კუბელ ისმაელ ბორერო მოლინას 3:2 მოუგო, მეოთხედფინალში ლტოლვილთა ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდის 10:0 სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ მოჰამედრეზა გერაეისთან 1:6 დამარცხდა და რეპეშაჟში ასე გადავიდა.

ამ დროისთვის საქართველოს ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს ძიუდოისტი ლაშა ბექაურის (90 კგ.) სახით, ვერცხლი ასევე ძიუდოისტებმა – ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.), გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) დაისაკუთრეს, ბრინჯაო კი, ძალოსან ანტონ პლესნოის (96 კგ.) აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები