Thumbnail

ოქროც და რეკორდებიც! ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქრო, ჯამში კი მეშვიდე მედალი მოუტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა და თავისივე რეკორდებიც გააუმჯობესა.

პირველი სპორტსმენი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ორი ოლიმპიური ოქრო აქვს
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

ტალახაძემ (+109) თავისი შესაძლებლობები ჯერ ატაცში წარმოაჩინა. ლაშამ პირველ ცდაზე უპრობლემოდ 208 კგ-იანი შტანგა დააფიქსირა, მეორეზე - 215, მესამეზე კი - 223 და რეკორდი დაამყარა. ატაცში მეორე შედეგი ირანელ ალი დავოუდის ჰქონდა (200 კგ), მესამე - სირიელ მან ასაადს (190 კგ). 

ატაცი: 208 კგ - ✅, 215 კგ - ✅, 223 კგ - ✅

აკვრაში ტალახაძემ გამოსვლა 245 კგ-იანი შტანგით დაიწყო და ჩემპიონობა პირველივე ცდაზე გაინაღდა. ლაშამ მეორე ცდაზე იოლად 255 კგ დაძლია, მესამეზე კი 265 კგ და საკუთარი რეკორდი აკვრაშიც და ორჭიდშიც გააუმჯობესა. 

აკვრა: 245 კგ - ✅, 255 კგ - ✅ 265 კგ - ✅.

ორჭიდის ჯამში ლაშამ 488 კგ დააფიქსირა, რაც მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია. ვერცხლის მედალი ირანელმა ალი დავოუდიმ (441 კგ) მოიპოვა, ბრინჯაო - სირიელმა მან ასაადმა (424 კგ).


ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე ოქრო პირველად 2016 წელს, რიოში მოიგო. ის ასევე მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონია. ტოკიოს თამაშებამდეც ყველა მსოფლიო რეკორდი სწორედ ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა (ატაცში - 222, აკვრაში - 264, ორჭიდში - 485).

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძალოსნობაში საქართველო ოთხი სპორტსმენით წარსდა და მანამდე ბრინჯაოს მედალი ანტონ პლესნოიმ (-96 კგ) მოიპოვა. ამჟამად ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე ჯამში 7 მედალია - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, რაც საქართველოს საუკეთესო შედეგის გამეორებაა ოლიმპიადებზე (პეკინი 2008, რიო 2016).

კომენტარები

ბოლო ამბები