Thumbnail

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა მილუოკი ბაქსმა ორმხრივი კონტრაქტი გაუფორმა ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც გასულ დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩია. The Athletic-ის ერიკ ნემის ინფორმაციით, კონტრაქტი 2-წლიანია.

სეზონი ბაქსმა ორი კალათბურთელით დაასრულა, რომელთაც 2-მხრივი კონტრაქტი ჰქონდათ. ესენი იყვნენ ჯასტინ ჯეკსონი და აქსელ ტუპენი, თუმცა მათ მილუოკიმ ახალი, კვალიფიციური ხელშეკრულები აღარ შესთავაზა. ამ ორი ადგილიდან ერთი სანდრომ გამოიყენა, ერთი კი ვაკანტურია.

ორმხრივი კონტრაქტის წესი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში დაახლოებით 4 წლის წინ შემოიღეს და ახლა, მას აქტიურად იყენებენ. NBA-ს კლუბები მათ, როგორც წესი, ახალბედა კალათბურთელებს უფორმებენ, რომელთაც თამაში, ძირითადად, G ლიგის კლუბებში უწევთ.

ადრე პრობლემა ის იყო, რომ შესაძლოა, კლუბს რომელიმე კალათბურთელის განვითარებში დიდი ენერგია ჩაედო, თუმცა, განვითარების ლიგიდან მისი აყვანა სხვა გუნდსაც შეეძლო. ახლა, ეს პრინციპი არ მოქმედებს. ორმხრივი კონტრაქტის მქონე კალათბურთელზე უფლებები მკაფიოდაა გაწერილი.

აღნიშნული კონტრაქტი მასქსიმუმ 2 წლით ფორმდება, ბონუსებისა და სხვა დამატებითი ოფციების გარეშე. არის სხვა დათქმებიც. კალათბურთელს NBA-ში მხოლოდ 45 დღის გატარება შეუძლია, სეზონის დანარჩენი ნაწილი კი განვითარების ლიგაში უნდა დაჰყოს. მოქმედებს მინიმალური ანაზღაურების წესი, საუკეთესო შემთხვევაში კი, კალათბურთელმა, შესაძლოა, სეზონის განმავლობაში 280 ათასი დოლარი მიიღოს.

მამუკელაშვილს რომ თამაში მეტწილად განვითარების ლიგაში (ბაქსის პარტნიორი გუნდი ვისკონსინ ჰერდია) მოუწევდა, ეს აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა, უდავოა, რომ მას შანსი მილუოკი ბაქსშიც მიეცემა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფორვარდმა NBA-ს ჩემპიონში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. მილუოკიმ სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელა, სადაც სანდრო ზედიზედ 4 სამქულიანს აგდებს.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში მამუკელაშვილი ბაქსის მაისურით ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაში ითამაშებს. მილუოკი კლიპერსს (10 აგვისტო), ბრუკლინს (12 აგვისტო), მინესოტასა (14 აგვისტო) და ვაშინგტონს (16 აგვისტო) გაეჯიბრება, კიდევ ერთი მეტოქის (16-18 აგვისტო) ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები