Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნი ავსტრიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს
  • მარსელ ზაბიტცერი ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა

ბუნდესლიგაში ხმაურიანი ტრანსფერი მზადდება, რომლის ინიციატორი მიუნხენის ბაიერნია. “ბილდის” ინფორმაციით, რეკორდმაისტერი ლაიპციგისა და ავსტრიის ნაკრების ლიდერის, მარსელ ზაბიტცერის გადაბირებას გეგმავს. 

27 წლის შემტევს ლაიპციგთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ერთ წელიწადში ეწურება. შესაბამისად, ახლა მის ტრანსფერზე სამუშაოდ ყველაზე კარგი დროა, რადგან თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს, გაისად უფასო იქნება, ბაიერნის წინადადებაზე უარის თქმა კი ძალიან ძნელია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზაბიტცერის ფასიც ვერ იქნება მაღალი - ჩვენი გერმანელი კოლეგები 18 მილიონ ევროზე წერენ.

მარსელ ზაბიტცერი ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

აღსანიშნავია, რომ ბაიერნმა უკვე გადაიბირა ლაიპციგიდან მცველი უპამეკანო (42,5 მილიონ ევროდ) და მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი (25 მილიონ ევროდ). რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები ბოლო დროს ხშირად იმეორებდნენ, რომ ბევრი ფულის დახარჯვას აღარ აპირებდნენ, მაგრამ ზაბიცტერში 18 მილიონის გადახდა დიდი ხარჯი არ არის, ფეხბურთელი კი ერთ-ერთი საუკეთესოა ბუნდესლიგაში. თანაც, “ბილდის” ცნობით, რეკორდმაისტერი კორენტენ ტოლისოს გაყიდვას აპირებს.

ზაბიტცერს ნახევარდაცვაში ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში - ცენტრში, თავდამსხმელის უკან და მარჯვენა ფლანგზე. როგორც ირკვევა, მას ბაიერნში გადასვლა ძალიან სურს, რადგან იქ ნაგელსმანმა დაიწყო მუშაობა - მწვრთნელმა, რომლის ხელშიც ავსტრიელმა ფეხბურთელმა უდიდესი პროგრესი განიცადა.

მარსელ ზაბიტცერი ლაიპციგში 2014 წელს, ვენის რაპიდიდან გადავიდა, თუმცა თავიდან ზალცბურგში იყო განათხოვრებული. 2015 წლიდან ის ზახსენური კლუბის წევრი და შეუცვლელი ფიგურაა. საერთო ჯამში მან ლაიპციგის ფორმით 227 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 52 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასული სეზონიდან ზაბიტცერი ლაიპციგის კაპიტანიცაა.

კომენტარები

ბოლო ამბები