Thumbnail

დინამო ბათუმმა ბორისოვოს ბატესთან 45 წუთში 4 გოლი გაიტანა, სუპერფეხბურთი ითამაშა და უეფას კონფერენსლიგაზე მეორე ეტაპიც გადალახა. წინ კიდევ ერთი გამოწვევაა - თურქული სივასპორი.

ცხადია, ეს გუნდი ბატე-ს და მით უფრო, ტრე პენეზე გაცილებით ძლიერია, მაგრამ არც ისეთი გადაულახავი წინაღობა ჩანს, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა პლეი ოფზე არ იფიქროს, სადაც ამ წყვილში გამარჯვებულს დანიურ კოპენჰაგენსა და პლოვდივის ლოკომოტივს შორის მოგებული ელოდება. თუმცა, პლეი ოფზე ფიქრი და საუბარი ჯერ ადრეა - მანამდე, სივასპორთან ორი რთული მატჩია.

პირველი ბათუმში შედგება და უკვე ცნობილია, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა. ეს ლოგიკურია: ბათუმში ნამდვილი საფეხბურთო ბუმია და ბუნებრივია, რომ ამ თამაშის გამოტოვება ან ტელევიზორიდან ყურება არავის სურს.

დინამო ბათუმმა ევროსარბიელზე ბოლო ორ საგარეო მატჩში 8 გოლი გაიტანა, ოთხჯერ ტრე პენესთან და ოთხჯერაც ბატე-სთან. ევროთასებს მიღმაც, გეგუჩაძის გუნდი შიდა ასპარეზზეც წარმატებით თამაშობს, საქართველოს ჩემპიონატში ლიდერია და დინამო თბილისს 2 ქულით უსწრებს, თუმცა ეროვნულ ლიგაში ამჟამად პაუზაა გამოცხადებული, რომელიც სხვათა შორის, დამდეგ უიქ-ენდზე დასრულდება და ეროვნული ლიგაც განახლდება. თურქეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონი კი ჯერ საერთოდ არ დაწყებულა.

ბათუმელებმა პირველ ეტაპზე ტრე პენე დაამარცხეს, მეორეზე კი - ბატე

სივასპორმა თურქეთის ჩემპიონატის შარშანდელი სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა. ზოგადად, ეს კლუბი ბოლო წლებში სტაბილურად თამაშობს. მაგალითად, 2019/20 წლების სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა, საუკეთესო შედეგი კი 2008/09 წლების სეზონში ჰქონდა, როცა თურქეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამის მიუხედავად, სივასს ევროსარბიელზე თამაში საკმაოდ უჭირს. იქ დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, როცა ინტერტოტოს თასზე ითამაშა, მაგრამ პორტუგალიურ ბრაგასთან განადგურდა (0:2, 0:3). მერე იყო ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდერლეხტთან მატჩები, რომელსაც შინ 3:1 მოუგო, მაგრამ სტუმრად 0:5 დამარცხდა.

ევროთასებზე სივასპორს ყველაზე წარმატებული სეზონი შარშან ჰქონდა, როცა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. იქ აზერბაიჯანულ ყარაბაღს ორჯერ მოუგო (2:0, 3:2), მაგრამ ასევე ორ-ორჯერ დამარცხდა ტურნირის მომავალ ჩემპიონ, ესპანურ ვილიარეალთან (0:1, 3:5) და თელ-ავივის მაკაბისთან (1:2, 0:1).

მიმდინარე სეზონში თურქულმა გუნდმა მოლდოვური პეტროკუბი იოლად დაამარცხა - 1:0, 1:0. აღსანიშნავია, რომ თურქეთის სუპერლიგა 16 აგვისტოს იწყება და ევროთასებზე რიზა ჩალიმბაის გუნდს მშვიდად შეუძლია ყურადღების გამახვილება.

სივასპორის ძირითად ბირთვს თურქი ფეხბურთელები შეადგენენ, მაგრამ კლუბს ლეგიონერებიც ჰყავს. მაგალითად, პეტროკუბთან გამარჯვების გოლის ავტორი, ნიგერიელი ფორვარდი აიობა კაიოდე, რომელიც დონეცკის შახტარში თამაშობდა. გუნდის ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა ბრაზილიელი ნახევარმცველი პედრო ენრიკე, მას პაოკ-ში, რენში, ასტანაში, ყარაბაღსა და კაისერისპორში თამაშის გამოცდილება აქვს, სივასს კი წელს შეუერთდა. საყრენ ზონას განელი ისააკ კოფი ამაგრებს, რომელსაც ხიხონის სპორტინგში, ჯენოაში, კარპიში, კიევოში, სასუოლოში, პიაჩენცასა და ტორინოში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. დინამო ბათუმთან ვერ ითამაშებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მაქს გრადელი. გამოცდილი ფეხბურთელი კოტ დ'ივუარის ნაკრებში ოლიმპიადაზე თამაშობდა და პირველ შეხვედრას გამოტოვებს. მის გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება თურქულ კლუბს, მათ შორის, პედრო ენრიკე და აჰმეტ ოღუზი.

სივასპორს ყველა ტურნირზე 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (12 მოგება, 7 ფრე) და ბოლოს 11 თებერვალს, თურქეთის თასზე, ანტალიასპორთან წააგო (0:1). სხვათა შორის, თურქეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ბოლო წაგებაც ანტალიასპორთან განიცადა (31 იანვარს) და მას მერე სუპერლიგა წაუგებლად განვლო.

საინტერესო ფაქტები

დინამო ბათუმის სტატისტიკა ევროსარბიელზე ასეთია: 21 მატჩი, 9 მოგება, 2 ფრე, 10 წაგება, 30 გატანილი და 30 მიღებული ბურთი.

დინამო ბათუმი ევროთასებზე როდესაც კარს მშრალად ინახავს, იმ მატჩს იგებს - ზღვისპირელებმა ევროტურნირებზე 9 თამაში მოიგეს ისტორიაში და 8 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახეს. ერთადერთი გამონაკლისი ბორისოვოში იყო, როცა ბათუმელებმა გაუშვეს და ისე მოიგეს (4:1).

გია გეგუჩაძე დღემდე ერთადერთი ქართველი მწვრთნელია, რომელსაც ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მუშაობის გამოცდილება აქვს. მან უეფას თასის ჯგუფში 2004/05 წლების სეზონში დინამო თბილისი გაიყვანა.

გეგუჩაძე ერთადერთი ქართველი მწვრთნელია, რომელმაც ევროსარბიელზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად გადალახა (დინამო თბილისი, ზესტაფონი, დინამო ბათუმი).

დინამო ბათუმმა ევროთასებზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი ისტორიაში პირველად დაძლია.

დინამო ბათუმს ევროთასებზე ბოლო 14 მატჩი ფრედ არ უთამაშია (6 მოგება, 8 წაგება).

ბატესთან საპასუხო მატჩამდე ბათუმელთა მიერ ევროთასებზე ჩატარებულ ბოლო 13 შეხვედრაში გოლის გატანას მხოლოდ ერთი გუნდი ახერხებდა. 1996 წელს პსვ ეინდჰოვენთან (1:1) დაწყებული ტრადიცია ერთი კვირის წინ ბელარუსში დაირღვა და ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო ბათუმის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სივასპორის ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა (ორივე შემთხვევაში სივასელებმა 2:1 მოიგეს).

სივასპორს ევროთასებზე ისტორიაში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და ფრედ ერთადერთხელ ითამაშა (2008 წელს, ინტერტოტოს თასზე მონტენეგროს გრბალისთან 1:1). მას მერე 14 თამაშია ევროპაში ფრედ არ თამაშობს (5 მოგება, 9 წაგება).

დინამო ბათუმს თურქულ კლუბებთან ოფიციალურად არასდროს უთამაშია, ისევე როგორც სივასპორს ქართულ კლუბებთან. ბოლოს ქართულ-თურქული მატჩი ევროსარბიელზე 2014 წელს შედგა, როცა ჩიხურამ ევროპალიგიდან ბურსასპორი გააგდო.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, ალთუნაშვილი - მამუჩაშვილი, ჯიღაური, ჯოვინო - ფანცულაია

სივასპორი (4-2-3-1): ვურალი - ერდალი, ოსმანპაშა, გუტასი, ჩიფტჩი - არსლანი, ფაირი - ილმაზი, ფელიქსი, ჯეიმსი - კაიოდე

📹 ბატე 1:4 დინამო ბათუმი [მიმოხილვა]

🔵⚪ გუშინდელი დღე დიდხანს გვემახსოვრება, დიდი მადლობა ყველას ვინც გვქომაგობდა და ჩვენი სჯეროდა. 4 გოლი, მგზავრობა, დახვედრა 👌 📹 popsport | #FCDB

Posted by FC Dinamo Batumi on Friday, July 30, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები