Thumbnail

'მრავალმხრივი არ არის' - რატომ არ უნდა წავიდეს ხვიჩა ტოტენჰემში ღურწკაიას აზრით

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

სატრანსფერო ხმებისა და ქართველი გულშემატკივრის დიდი სურვილის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით ისევ რუსეთში რჩება. ბოლოს 20 წლის ნახევარმცველი ლონდონის ტოტენჰემსაც დაუკავშირეს, თუმცა ხვიჩა ისევ ყაზანის რუბინის ღირსებას იცავს და რუსეთის პრემიერლიგაში გამოდის, სადაც ბოლო ტურში გოლიც გაიტანა...

რუსეთში ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ სტუმრად "სპორტ ექსპრესთან" ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა და გამოთქვა მოსაზრება, რომ თავად ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერისთვის აჯობებს, თუკი ყაზანის გუნდში, ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანალეობით, კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. 

"მე არ ავჩქარდებოდი. სლუცკის ხელში გატარებულ ერთ წელიწადში ის გაცილებით ძლიერი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. ყველა მწვრთნელთან ის ვერ მოუმატებდა. რუბინის ამოცანა გუნდის ზრდა-განვითარებაა და შედეგს რომც ვერ მიაღწიოს, ფეხბურთელები ზრდას მაინც მოახერხებენ და ერთი წლის შემდეგ ნამდვილად არ გაიაფდებიან. 

ხვიჩა კვარაცხელია გოლებს ჯერ ისევ რუბინისთვის იტანს

პირობითად, ყველა ტოტენჰემს ახსენებს. თუკი სონი დარჩება, მაშინ ხვიჩა თადარიგში იჯდება. კვარაცხელია მრავალმხრივი მოთამაშე არ არის. ის მოედნის ცენტრში ვერ ითამაშებს, მხოლოდ - ფლანგებზე. ის აღმოჩნდება ტოტენჰემში, სადაც პორტუგალიელი მწვრთნელი მოთამაშეებისგან ძალიან დიდ მრავალფეროვნებას მოითხოვს. კვარაცხელია თუ სათადარიგოთა სკამზე დაჯდება, გაუფასურებას ერთბაშად დაიწყებს.

ვფიქრობ, სლუცკის მასზე გიგანტური გავლენა აქვს და შეუძლია მოტივირება, კიდევ ერთი წლით დატოვოს. თუკი ერთი წლით დარჩება, მისთვის სასარგებლო იქნება. დავუშვათ, რომ  500 ათასს იღებს და 2 მილიონს მიიღებდა. ამ შემთხვევაში დაკარგავს 1,5 მლნ-ს, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ეს 1,5 მილიონი სლუცკისგან სწავლის საფასურია". 

ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ ტოტენჰემი ამ ზაფხულს ჩაიბარა

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბთან კონტრატი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობილი პორტალი transfermarkt საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს 18 მილიონ ევროდ აფასებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები