Thumbnail

‘ვურჩევ, დოპინგის მიღება აღიაროს, მისთვის ასე ჯობია’ - კახაბრიშვილი აბრამიანზე

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მძლეოსანს, ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს საკვალიფიკაციო შეჯიბრის დაწყებამდე დოპინგი დაუდასტურდა - მას 3 აკრძალული სტეროიდი აღმოუჩინეს. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) დაადასტურა. 36 წლის აბრამიანი, ვითარების საბოლოო გარკვევამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, გათამაშებიდან მოხსნეს და წინასწარი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

მომხდართან დაკავშირებით პოპსპორტი ტოკიოში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს, ზურაბ კახაბრიშვილს დაუკავშირდა და აბრამიანის შემთხვევაზე კომენტარი სთხოვა.
 
“მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) კოდექსის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებელი სპორტსმენია - იმ სიტუაციების გარდა, როდესაც მასზე ზეწოლა ხდება. აბრამიანი ერთხელ უკვე იყო დოპინგის მიღებაში მხილებული. მაშინ მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ მიუსაჯა. ბუნებრივია, ადამიანურად იგი ძალიან მეცოდება - წარმოიდგინეთ, ოლიმპიადაზე წამოსულ სპორტსმენს შეჯიბრში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა, - გვითხრა კახაბრიშვილმა.

'დოპინგის მოხმარებაში შემჩნეულ ათლეტებს სპორტში პრაქტიკულად მომავალი აღარ აქვთ'

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი აბრამიანს ურჩევს, რომ ყველაფერი აღიაროს: “ჩემი აზრით, გამოძიებას და შემდგომ სასამართლო პროცესს სჯობს, რომ მოხდეს აღიარება, რათა აბრამიანს სამომავლოდ სასჯელი შეუმსუბუქდეს. როგორც ვიცი, იგი მწვრთნელობას აპირებს, ხოლო დოპინგის მიღებაში მხილებულებს, WADA-ს საკმაოდ მკაცრი კანონების მიხედვით, არც მწვრთნელის ლიცენზიის ფლობის უფლება აქვთ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოში მომუშავე ადამიანები არსებულ კანონებს ძალიან მკაცრად იცავენ და დოპინგის მოხმარებაში შემჩნეულ ათლეტებს სპორტში პრაქტიკულად მომავალი აღარ აქვთ. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე ხდება, თუ ისინი მომხდარ ფაქტს არ აღიარებენ. ამიტომ, აბრამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ განმარტება თვითონ გააკეთოს.”

'სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის პრეპარატი, რომელიც სპორტსმენის ორგანიზმში აღმოჩნდა, მის მიერვეა ჩამოტანილი'

კახაბრიშვილი დარწმუნებულია, რომ აკრძალული პრეპარატი სპორტსმენმა იაპონიაში თვითონ ჩაიტანა: “ოლიმპიურ სოფელში, იმ ადგილას, სადაც მედიკამენტები ინახება, დევს ანტიდოპინგური კოდექსიც. ჩემი პრინციპია, რომ მედიკამენტი, რომელიც შეიცავს აკრძალულ პრეპარატს, ოლიმპიურ სოფელში არ ინახება, გამონაკლისი კი არავისთვის დაიშვება. ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის პრეპარატი, რომელიც სპორტსმენის ორგანიზმში აღმოჩნდა, მის მიერვეა ჩამოტანილი. იმედი მაქვს, რომ აბრამიანის გაკეთებული განმარტება იქნება დამაჯერებელი და მას მომავალი თაობების აღზრდა შეეძლება.”

მსოფლიოს  ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ ტოკიოში აკრედიტებულ ლაბორატორიაში 31 ივლისს ჩატარებული კვლევებით, აბრამიანის ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი - დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი აღმოჩნდა. ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს, დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები