Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში საკალათბურთო ტურნირის მესამე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა - ოქროს მედლისთვის ბრძოლას საფრანგეთის ნაკრების აგრძელებს. ვინსენ კოლეს გუნდმა იტალიის ნაკრების ბარიერი დაძლია.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თავიდან იტალია უკეთ თამაშობდა და პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგო კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ თამაშის სადავეები ხელთ ფრანგებმა იგდეს, რომლებმაც დასკვნითი მეოთხე პერიოდის წინ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ბოლო პერიოდის საწყის ნაწილში იტალიამ მოახერხა ჩამორჩენის გაბათილება, ანგარიშიც გაათანაბრა, თუმცა მეო საკეტის გუნდისთვის ეს მაქსიმუმი გამოდგა და საფრანგეთმა გარდამტეხ მომენტში მაინც შეძლო მობილიზება, საბოლოოდ კი 84:75 გაიმარჯვა.

რუდი გობერი გამორჩეული იყო

საფრანგეთის ნაკრებში რუდი გობერი (22 ქულა, 9 მოხსნა) საუკეთესო იყო. ასევე დიდებულად ითამაშა ევან ფურნიემ, რომელმაც 21 ქულა შესძინა თანაგუნდელებს. ორმაგი დუბლი მიითვალა ნიკოლას ბატუმმა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო და 14-ჯერ ბურთი ფარიდან მოხსნა. იტალიელთა შორის სიმონე ფონტეკიომ 23 ქულა ჩააგდო, ხოლო დანილო გალინარიმ თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა (21 ქულა, 10 მოხსნა).

5 აგვისტოს, საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალში სლოვენიას დაუპირისპირდება, ხოლო იმავე დღეს აშშ-ს ნაკრებს ავსტრალიასთან ან არგენტინასთან შეხვედრა ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები