Thumbnail

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ქართველი ბირთვის მკვრელი ბენიკ აბრამიანის დოპინგზე ჩავარდნის შესახებ. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დროს ცნობილი გახდა ყოვლად შემზარავი და ნებისიმერი სპორტსმენისთვის მიუღებელი ფაქტი. სამწუხაროდ, ქართველ მძლეოსან ბენიკ აბრამიანს გამოუვლინდა აკრძალული პრეპარატების მოხმარების შემთხვევა. მიუხედავად არაერთგზის ჩატარებული დოპინგ სემინარისა თუ სხვა და სხვა გაფრთხილებისა, მსგავსი ფაქტი ჩვენს სპორტულ ოჯახში მაინც დაფიქსირდა. მძლეოსნობის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გმობს სპორტში აკრძალული პრეპარატების გამოყენებას და ბოდიშს უხდის ჩვენს გულშემატკივარსა და სპორტულ სამყაროს ამ შემთხვევის გამო. 

აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ბენიკ აბრამიანს ბოლო საკონტროლო შემოწმება ჩაუტარდა მიმდინარე წლის 1 ივლისს, სადაც გამოუვლინდა უარყოფითი პასუხი. დღეიდან ფედერაციამ დაიწყო შესწავლა და გამოკვლევა თუ საიდან ან რა ვითარებაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო აკრძალული პრეპარატი სპორტსმენის ორგანიზმში. გუნდის დაბრუნებისთანავე მოხდება უშუალოდ სპორტსმენთან, მწვრთნელთან, გუნდის ექიმთან დეტალურად საკითხის გარკვევა და ამა წლის 13 აგვისტოს გაიმართება გამგეობის საგანგებო სხდომა. სხდომაზე მიღებული იქნება უმკაცრესი გადაწყვეტილებები, როგორც სპორტსმენის, ასევე ყველა სავარაუდო მონაწილე პირის მიმართ. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს და ვგმობთ მსგავს ქმედებებს სპორტულ სამყაროში. იმედია, ეს იქნება ბოლო, უმძიმესი ფაქტი ქართული მძლეოსნობის ისტორიაში”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ბენიკ აბრამიანს დოპინგი ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დაუდასტურდა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მას 3 აკრძალული სტეროიდი აღმოუჩინეს. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) დაადასტურა.

36 წლის აბრამიანი, რომლის საუკეთესო შედეგი 21.11 მეტრია, ვითარების საბოლოო გარკვევამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, გათამაშებიდან მოხსნეს და ახლა წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს. ქართველ მძლეოსანს შეუძლია სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B სინჯის გახსნა მოითხოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები