Thumbnail

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალში 1:6 დამარცხდა და ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

25 წლის ქართველი ფალავანი 1/2 ფინალში ირანელ მოჰამადრეზა გერაეის დაუპირისპირდა, მისი დამარცხება ვერ მოახერხა და ოქროს, ან ვერცხლის მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. ზოიძე აქტიურობდა, ორჯერ ილეთის გაკეთებაც სცადა, მაგრამ ირანელმა თავი კარგად დაიცვა. პირველი პერიოდი რამაზმა 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში ირანელმა ზედიზედ 6 ქულა მიითვალა და 6:1 იმარჯვა.

რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალში დამარცხდა
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

რამაზ ზოიძე ხვალ, 4 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე გერმანელი ფრანკ შტაბლერისა და კოლუმბიელი ხულიან ჰორტა ასევადოს შეხვედრაში გაირკვევა, რომლებიც რეპეშაჟში შეხვდებიან. 32 წლის გერმანელი სამგზის მსოფლიოს და ორგზის ევროპის ჩემპიონია და კოლუმბიელთან აშკარა ფავორიტად მიიჩნევა. ასე რომ, ზოიძეს სავარაუდოდ, ამ ტიტულოვანი მოჭიდავის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა.


1/2-ფინალამდე ზოიძემ 1/8-ფინალში წონის მთავარი ფავორიტი, მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა 3:2 დაამარცხა და ოლიმპიადა იდეალურად დაიწყო, 1/4-ფინალში კი აშკარა უპირატესობით 10:0 აჯობა აკერ ალ ობაიდის.

ზოიძე 4 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

დღეს, 97 კგ წონით კატეგორიაში რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გიორგი მელია ჩაება, მაგრამ ალექს გერგო სიოკესთან 1:5 დამარცხდა და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა, ხოლო ლაშა გობაძემ (87 კგ) 1/8-ფინალში უზბეკ რუსტემ ასაკალოვთან 5:6 წააგო და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა. ლაშა რეპეშაჟის მიღმაც დარჩა, რადგან ასაკალოვი მეოთხედფინალში დამარცხდა და ქართველმა ოლიმპიადა უმედლოდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას 6 მედალი აქვს მოპოვებული. ოქროს მედალს ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ბრინჯაოს ძალოსანი ანტონ პლესნოი, ხოლო ვერცხლის მედლებს ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია დაეუფლნენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები