Thumbnail

ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი შეჯიბრებიდან მოიხსნა, რადგან დოპინგ-კონტროლი ვერ გაიარა და მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამ თემასთან დაკავშირებით პოპსპორტი ტოკიოში საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელ ელგუჯა ბერიშვილს დაუკავშირდა.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ბენიკ აბრამიანთან დაკავშირებით პრობლემაა და ისიც ცნობილია, რომ დღევანდელი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე სპორტსმენების სიიდან ამოიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულადაა, - გვითხრა ელგუჯა ბერიშვილმა, - ჩვენთვის ყველა სპორტსმენი ძვირფასი და მნიშვნელოვანია, მათ შორის ის სპორტსმენებიც, რომლებიც მედლისთვის სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ იბრძვიან. ბენიკიც არ იყო ამ ოლიმპიურ თამაშებზე ფავორიტთა შორის, მაგრამ ფაქტი, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. ჩვენ, ტრადიციულად, ორი საკონტროლო ტესტირება ჩავატარეთ და ყველა მათგანმა, ვინც ლიცენზია მიიღო, ტესტირება გაიარა. ბოლო ტესტირება ბენიკს 1 ივლისს ჩაუტარდა, მერეც გადავამოწმეთ და ანტიდოპინგურ სააგენტოში დაადასტურეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო. დღეს კი ასეთი ამბის წინაშე ვართ. საბოლოოდ, ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც დოპინგის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს მივიღებთ."

საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელის თქმით, თუ დოპინგი დადასტურდა, მძლეოსანი დისკვალიფიკაციას მიიღებს: "ეს იმას ნიშნავს, რომ მას ასპარეზობა აეკრძალება საკმაოდ დიდი ხნით და შეიძლება, სამწუხაროდ, სამუდამოდაც. ხვალ ან ზეგ ის საქართველოში გამოემგზავრება", - დასძინა ბერიშვილმა პოპსპორტთან საუბრისას.

მან კომენტარი ქართველი სპორტსმენების მიერ ნაჩვენებ შედეგზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია, თუმცა ოლიმპიელებისგან მედლების მოლოდინი კიდევ აქვს: "ჩვენი სპორტსმენების შედეგებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ყოველთვის არის იმის განცდა, რომ მეტი შეიძლებოდა. უკვე გვაქვს 6 მედალი და ეს ძალან კარგი შედეგია, მით უმეტეს, თუ შევადარებთ წინა ოლიმპიადის შედეგებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჯერ კიდევ გამოსასვლელია სპორტსმენების მნიშვნელოვანი ნაწილი - მათ შორის ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. ასე რომ, ძალიან კარგ შედეგებს ველოდებით - მათ შორის, გოგიტა არქანიასგან, რომელიც მოგვიანებით ჩაებმება ოლიმპიადაზე".

ბენიკ აბრამიანმა რიოს ოლიმპიადაზეც იასპარეზა

ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს, დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს. მას B ჯგუფში, დაახლოებით 15:40 საათზე უნდა ეასპარეზა. ბირთვის კვრაში ფინალი ტოკიოში 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები