Thumbnail

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლაშა გობაძემ (87 კგ.) ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ნაადრევად დაასრულა, რადგანაც რეპეშაჟში გადასვლაც ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ გობაძემ მერვედფინალში უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან 5:6 წააგო და იმის იმედად იყო, რომ ეს უკანასკნელი ფინალამდე მივიდოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. აზიელი მოჭიდავე უკვე მეოთხედფინალში დამარცხდა (1:4) ხორვატ ივან ჰუკლეკთან და ქართველი ფალავნისთვის ოლიმპიადა დასრულდა.

ოლიმპიადის სტარტი წარუმატებელი აღმოჩნდა ზურაბ დათუნაშვილისთვისაც, რომელიც ბოლო პერიოდია სერბეთის სახელით ასპარეზობს და მოქმედი ევროპის ჩემპიონიც გახლავთ.

დათუნაშვილმა უკრაინელ ბელენიუკთან წააგო
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

დათუნაშვილი მერვედფინალში რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსან, მსოფლიოს 2-გზის (2015, 2019) და ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2019) ჩემპიონ ჟან ბელენიუკთან (უკრაინა) 1:3 დამარცხდა და ახლა მის ფინალში გასვლას უნდა უქომაგოს (ბელენიუკის მეტოქე ხსენებული ჰუკლეკი იქნება), რომ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

კომენტარები

ბოლო ამბები