Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილი მე-6 ქართველია, რომელიც NBA-ში ითამაშებს. მანამდე ეს ვლადიმერ სტეფანიამ, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, ზაზა ფაჩულიამ, თორნიკე შენგელიამ და გოგა ბითაძემ შეძლეს. პოპსპორტი საქართველოს ნაკრების აშშ-ში დაუკავშირდა. ჩვენთან ინტერვიუში სანდრო მამუკელაშვილმა დრაფტის პროცესის ემოციებზე, გოგა ბითაძესთან კომუნიკაციაზე, იანისთან მომავალ თანაგუნდელობაზე და ბევრ სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

POPSPORT: სანდრო, პირველ რიგში გილოცავთ. იყო რომელიმე გუნდისგან პირობა, რომ აგიყვანდნენ? 

სანდრო მამუკელაშვილი: პირობა არ ყოფილა. აქ ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, თუმცა რამდენიმე გუნდზე ვხვდებოდი, რომ ჩემი აყვანა სურდათ. მათ შორის მილუოკიც იყო. მქონდა ინფორმაცია სან ანტონიოზეც - ამ გუნდისთვის მეორე სასურველი მოთამაშე ვიყავი. დრაფტი ცოტა უცნაურად წარიმართა. საკმაოდ ბევრი მოთამაშე არ აიყვანეს, მაგრამ ჩემთვის საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

POPSPORT: დრაფტის მეორე რაუნდის ბოლოს, 54-ე ნომრად აგირჩიეს. თუ უშვებდი შესაძლებლობას, რომ უკლუბოდ დარჩებოდი? 

მამუკელაშვილი: დრაფტის საღამოს არასდროს იცი, აგიყვანენ თუ არა. გული მიგრძნობდა, რომ რომელიმე კლუბში წავიდოდი და ასეც მოხდა.

'ძალიან გახარებული ვიყავი, ემოციების შეკავება მიჭირდა, მაგრამ სანამ ზუსტად არ გავიგე ყველაფერი, დუმილი ვარჩიე'

POPSPORT: როდესაც გაიგე, რომ მილუოკიმ აგირჩია, რა რეაქცია გქონდა? 

მამუკელაშვილი: სადღაც 46-ე ნომერმა რომ გაიარა, ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ მილუოკი ამირჩევდა. არავისთვის არაფერი მითქვამს. ძალიან გახარებული ვიყავი, ემოციების შეკავება მიჭირდა, მაგრამ სანამ ზუსტად არ გავიგე ყველაფერი, დუმილი ვარჩიე. ყველანი დრაფტის ცერემონიალს ვუყურებდით. მილუოკის ინტერესის შესახებ მხოლოდ მე და ჩემმა ძმამ ვიცოდით. როდესაც ყველაფერი გაცხადდა, სიხარულის ცრემლები მოგვადგა. ყველა მიხვდა, რომ ამიხდა ის ოცნება, რომელიც ბავშვობიდან მქონდა.

POPSPORT: გსურდა თუ არა განსაკუთრებულად რომელიმე გუნდში მოხვედრა? 

მამუკელაშვილი: ასე გამორჩეულად რამდენიმე გუნდი არჩეული არ მქონია. მილუოკი ჩემპიონია, შანსი მომეცა და ამით ძალიან გახარებული ვარ. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ და გუნდს როდის გავიცნობ.

POPSPORT: როგორც ვიცით, მილუოკის წარმომადგენლებთან კონტაქტი უკვე გქონდა. რაზე ისაუბრეთ?

მამუკელაშვილი: კომუნიკაცია მართლაც შედგა. ვიგრძენი, რომ ყველა ძალიან ნასიამოვნები დარჩა. გუნდის წევრების პირადად გაცნობის პროცესი კი წინ მაქვს.

'ჩემი მიდგომა ასეთია - ნებისმიერი მოვლენა შანსია, მათ შორის საზაფხულო და G ლიგებიც'

POPSPORT: NBA-ს კლუბები ახალწვეულებს ხშირად ათამაშებენ საზაფხულო ლიგასა და შემდეგ G ლიგის გუნდებში. ამ მხრივ რა მოლოდინი გაქვს?

მამუკელაშვილი: NBA-ში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩემი მიდგომა ასეთია - ნებისმიერი მოვლენა შანსია, მათ შორის საზაფხულო და G ლიგებიც. ძალიან მიხარია, რომ მომეცემა თავის გამოჩენის საშუალება. ვიცი, ყველა მიყურებს - ამიტომაც, კარგად უნდა ვითამაშო. გამოცდილების თვალსაზრისით, G ლიგაში თამაში ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. ვხვდები, რომ თავიდან NBA-ში წუთების მიღება რთული იქნება, ამიტომ, უთამაშებლობას G ლიგაში თამაში სჯობს.

POPSPORT: ხომ არ გისაუბრია გოგა ბითაძესთან? რა რჩევები მოგცა? 

მამუკელაშვილი: დრაფტის პროცესისას არა, მაგრამ სადღაც კვირაში ერთხელ ვეკონტაქტებოდი. სულ მამხნევებდა. მიყვებოდა, წინ როგორი ემოციური ღამე მელოდა. ბოლომდე გვერდში დამიდგა, რისთვისაც გოგას მადლობელი ვარ.

POPSPORT: რა შეგრძნებაა, როდესაც იცი, რომ თამაში NBA-ს მოქმედ ჩემპიონში მოგიწევს და თანაც, შეუდარებელი იანისის გუნდში?

მამუკელაშვილი: არც კი ვიცი, ეს გრძნობა და მოლოდინი როგორ ავხსნა. ცოტა ხნის წინ ვუყურებდი ფინალებს. იანისი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა. ძალიან მომწონს მილუოკის კალათბურთელების საქმისადმი მიდგომა. მათი უმრავლესობა ვარსკვლავური სტატუსის არ იყო, მაგრამ ეს არ აინტერესებდათ. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ განვითარებულიყვნენ. მეც მექნება ამის საშუალება. ვიცი, რომ ჩემი სჯერათ. ვიცი, რომ ჩემს წინსვლაში გუნდის წევრები დაინტერესებულები იქნებიან. მათგან ბევრი რამის სწავლას ვაპირებ, რაც მომავალში ძალიან გამომადგება.

საქართველოს NBA-ში უკვე ორი კალათბურთელი ეყოლება - ბითაძე ინდიანაში და მამუკელაშვილი მილუოკიში. შეგახსენებთ, რომ ბაქსის ღირსებას ზაზა ფაჩულიაც იცავდა, რომელიც ამ კლუბში 2004-2005 წლებსა და 2013-2015 წლებში თამაშობდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები