Thumbnail
  • ⌚ 04:00 | 🏟 ოლიმპიური | 🤸 ლაშა ღულელაური. კვალიფიკაცია
  • ⌚ 06:00 | 🏟 მაკუჰარი | 🤼🏅 გიორგი მელია v ალექს სიოკე. რეპეშაჟი
  • ⌚ 07:10 | 🏟 მაკუჰარი | 🤼 რამაზ ზოიძე v ისმაელ ბორერო. 1/8 ფინალი
  • ⌚ 07:40 | 🏟 მაკუჰარი | 🤼 ლაშა გობაძე v რუსტამ ასაკალოვი. 1/8 ფინალი
  • ⌚ 14:15 | 🏟 ოლიმპიური | 🥏 გიორგი მუჯარიძე. კვალიფიკაცია
  • ⌚ 15:40 | 🏟 ოლიმპიური | 🥏 ბენიკ აბრამიანი. კვალიფიკაცია

სამშაბათს, 3 აგვისტოს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 6 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს და ეს რეკორდია. აქამდე ყველაზე მეტი 5 ქართველი გამოდიოდა დღის განმავლობაში. სამი მოჭიდავეა, სამიც - მძლეოსანი...

გიორგი მელია - ბრინჯაოსთვის

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. -97 კგ

მართალია, წინა დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ (-97 კგ) პირველივე წრეში წააგო მუსა ევლოევთან, მაგრამ რუსი ფინალში გავიდა და რეპეშაჟში ქართველიც "გაიყოლა". ასე რომ, გიორგის აქვს შანსი ქართულ დელეგაციას მე-7 მედალი მოუტანოს. 

გიორგი მელიას ბრინაოს მედლამდე 2 მოგება აშორებს

დილის 6 საათზე მელია მე- ხალიჩაზე გავა და 21 წლის უნგრელ ალექს სიოკეს დაუპირისპირდება. ბუდაპეშტელმა მოჭიდავემ ასევე ევლოევთან წააგო (მე-2 წრეში). გიორგის მედლის ასაღებად ორი გამარჯვების მოპოვება ესაჭიროება. სიოკესთან გამარჯვების შემთხვევაში, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში პოლონელ ტადეუშ მიხალიკს დაუპირისპირდება (ეს ორთაბრძოლა დაახლოებით 15:00-ზე დაიწყება).

რამაზ ზოიძე - მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. -67 კგ.

რამაზ ზოიძე "მაკუჰარი მესეს" ხალიჩაზე დილის 7 საათიდან გამოვა - მერვედფინალში მისი მეტოქე ისმაელ ბორერო იქნება. 29 წლის კუბელი წონის ფავორიტია, ის რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია. 

თუ 25 წლის ბათუმელი გაიმარჯვებს, მეოთხედფინალში  ტუნისელ სულეიმან ნასრისა და ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდის წყვილში მოგებულს შეხვდება. 

ლაშა გობაძე - ნახევარფინალი დათუნაშვილთან? 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. -87 კგ

3 აგვისტოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი კლასიკოსი ჩაერთვება - ლაშა გობაძე. 1/8 ფინალში ლაშა უზბეკ რუსტამ ასაკალოვს შეხვდება. უზბეკი 37 წლის ვეტერანია, ადიღეელი მოჭიდავე 2012 წლამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა. მას მსოფლიოს ჩემპიონატებში ვერცხლი და ბრინჯაო აქვს მოპოვებული. თუკი საქართველოს ნაკრების წევრმა მოიგო, მომდევნო რაუნდში ხორვატ ივან ჰუკლეკსა და ამერიკელ ჯონ ვოლტერ სტეფანოვიჩს შორის გამარჯვებულს დაელოდება. 

თუ ლაშა ნახევარფინალში გავა, შესაძლოა, მას სერბეთის სახელით მოასპარაზე ზურაბ დათუნაშვილი შეხვდეს. საქართველოდან დიდი სკანდალით წასული ნაკრების ყოფილი კაპიტანი პირველ წრეში უკრაინელ ჟან ბელენიუკს ეჭიდავება. შეგახსენებთ, რომ როგორც ზოიძის შემთხვევაში, აქაც დღეს მხოლოდ ნახევარფინალური მატჩები გაიმართება, რეპეშაჟი და მედლებისთვის დაპირისპირებები - მეორე დღეს. 

გიორგი მუჯარიძე - თუ საუკეთესო შედეგს გაიმეორებს, ფინალშია

მძლეოსნობა. ბირთვის კვრა

გიორგი მუჯარიძე A საკვალიფიკაციო ჯგუფშია, სულ ამ ჯგუფში 16 მძლეოსანია, ამდენივე B-ში. საჭიროა ბირთვის 21.20 კვრა და სპორტსმენი ფინალშია.

გიორგი მუჯარიძე

აღსანიშნავია, რომ გიორგის საუკეთესო შედეგი ამ მაჩვენებელს 1 სანტიმეტრით აღემატება. ასე რომ, თუ საუკეთესო შედეგს აჩვენებს, მუჯარიძე ფინალშია. თუ ამ ნორმატივს ბევრი ვერ ჩააბარებს, 12 საუკეთესო ბირთვის მკვრელი გავა ფინალში. მუჯარიძის ჯგუფი ასპარეზობას 14:15-ზე იწყებს. 

ბენიკ აბრამიანი - კარიერის რეკორდი უნდა გააუმჯობესოს

მძლეოსნობა. ბირთვის კვრა

ბენიკ აბრამიანი B ჯგუფშია, სადაც ასპარეზობა 15:40-ზე იწყება. ბენიკის საუკეთესო შედეგი კარიერაში (21.11) საკმარისი არ არის ფინალში გასვლისთვის. ჯგუფში მხოლოდ ერთ, იტალიელ ბირთვის მკვრელს აქვს ანალოგიური საუკეთესო შედეგი, დანარჩენებს - უკეთესი. ბირთვის კვრაში ფინალი ტოკიოში 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.

ლაშა ღულელაური - ფინალის კარგი შანსი

მძლეოსნობა. სამხტომი

ლაშა ღულელაური სამხტომში ცდის ბედს. ქართველი მძლეოსანი A საკვალიფიკაციო ჯგუფშია. ორივე ჯგუფში სულ 32 სპორტსმენია და ფინალში გადის ყველა, ვინც 17.05 მეტრზე გადახტება, ან 12 საუკეთესო. ლაშას საუკეთესო შედეგი მეტია - 17.16. მეტიც, ქართველმა მხტომელმა ამ სეზონშიც აჩვენა უკეთესი შედეგი - 17.08. ის მსოფლიოს რეიტინგში მხოლოდ 42-ეა და ფავორიტებში არ არის, მაგრამ ლაშას ფინალში გასვლა შეუძლია და ეს დიდი წარმატება იქნება. ფინალი ტოკიოში 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.

ტოკიო 2020: 3 აგვისტოს მთავარი მოვლენები

სამშაბათს, 3 აგვისტოს ოლიმპიური მედლები სპორტის 9 სახეობაში გათამაშდება, სულ 28 კომპლექტი:

ტანვარჯიში (ვაჟები ორძელი; ვაჟები ჰორიზონტალური ძელი; ქალები ბალანსი)
მძლეოსნობა (ვაჟები 400 მ. წინაღობებით; ვაჟები ჭოკით ხტომა; ქალები 200 მ; ქალები 800 მ; ქალები სიგრძეზე ხტომა; ქალები უროს სროლა); კრივი (ვაჟები 57 კგ; ვაჟები 69 კგ; ვაჟები 91 კგ; ქალები 57 კგ)
კანოე სპრინტი (ვაჟები კაიაკი 1 000 მ; ვაჟები კანოე 1 000 მ; ქალები კაიაკი 200 მ; ქალები კაიაკი 500 მ) 
ველოტრეკი (ვაჟები გუნდური სპრინტი; ქალები გუნდური გამოდევნებაზე); წყალში ხტომა (ვაჟები 3 მ.)
აფროსნობა (ვაჟები ერთადგილიანი ფინი; ვაჟები სკიფი; ქალები სკიფი, შერეული)
ძალოსნობა (ვაჟები 109 კგ)
ჭიდაობა (ვაჟები ბ-რ 77 კგ; ვაჟები ბ-რ-97 კგ, ქალები 68 კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები