Thumbnail

ინდიანა პეისერსის 22 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მონაწილეობას მიიღებს ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაში, რომელიც 8-17 აგვისტოს ნევადის უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდება.

ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ინდიანელებმა მომავალი ტურნირისთვის განაცხადი წარმოადგინეს. ბითაძე პეისერსში უკვე მე-3 სეზონს იწყებს და როგორც წესი, ასეთი სტაჟის კალათბურთელები საზაფხულო ლიგებში იშვიათად მონაწილეობენ, თუმცა, ინდიანაში სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს.

სხვა საქმეა, რომ ბითაძისთვის, შესაძლოა, ეს კარგიც იყოს, რადგანაც გასულ სეზონში თამაში იშვიათად უწევდა, საზაფხულო ლიგაში კი, უდავოა, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად უნდა მოგვევლინოს.

ბითაძის გარდა, პეისერსში ძირითადად ის კალათბურთელები არიან, რომელთაც NBA-ში თამაშის გამოცდილება ნაკლებად აქვთ, თუ არ ჩავთვლით ოშაე ბრისეტს, რომელმაც წინა სეზონის მიწურულს ლიგაში არაერთი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

განრიგის თანახმად, პეისერსი ლას ვეგასში ოთხ მატჩს ჩაატარებს: 9 აგვისტოს – ვაშინგტონთან, 11 აგვისტოს – ატლანტასთან, 13 აგვისტოს – პორტლენდთანა და 15 აგვისტოს – ოკლაჰომა სიტისთან.

მომავალი საზაფხულო ლიგა ქართული კალათბურთისთვის ისტორიული იქნება, რადგანაც მასში მონაწილეობას 3 ქართველი კალათბურთელი მიიღებს. სანდრო მამუკელაშვილი გასულ დრაფტზე NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა მილუკი ბაქსმა აიყვანა და სწორედ ლას ვეგასში დატვირთავს, გიორგი ბეჟანიშვილს კი დენვერ ნაგეთსი დააკვირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები