Thumbnail

ილინოისის ყოფილ ცენტრს გიორგი ბეჟანიშვილს ჩვენ ქართველ კალათბურთელად მოვიხსენიებთ და მასზე ხშირად ვწერთ, თუმცა, გიორგიზე დიდ იმედებს ამყარებენ ავსტრიელებიც, რომელთა მოქალაქეობაც ბეჟანიშვილს ასევე გააჩნია.

ავსტრიული მხარე კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გიორგის NBA-ში თამაშის შანსი გაუჩნდა და ცხადია, მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვისაც ერთიორად საინტერესო მოთამაშედ იქცა. შეგახსენებთ, რომ ბეჟანიშვილი საზაფხულო ლიგაში დენვერ ნაგეთსმა მიიწვია და თუკი იქ თავი გამოიჩინა, იქნებ კონტრაქტსაც გამოჰკრას ხელი. აი, რას წერს ავსტრიული Laola1, რომელიც გიორგის “ნატურალიზებულ ქართველად” მოიხსენიებს.

“ლას ვეგასში დაგეგმილ NBA-ს საზაფხულო ლიგაში, რომელიც მომავალი კვირიდან აიღებს სტარტს, 2 ავსტრიელი კალათბურთელი ჩართვება. მაქს ჰაიდეგერი, რომელიც ცნობილი სამთომოთხილამურე კლაუს ჰაიდეგერის ვაჟია, ატლანტა ჰოუქსში ითამაშებს, ნატურალიზებული ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი კი დენვერ ნაგეთსის მაისურის მოირგებს.

ჰაიდეგერი, რომელიც გერმანული ოლდენბურგიდან თელ ავივის მაკაბიში იქნა განათხოვრებული, ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში პირველად მხოლოდ წინა კვირას გამოჩნდა და რუმინეთთან ორ ტესტში ჯამში 54 ქულა მოაგროვა. 24 წლის კალათბურთელი ატლანტაში პირველ მატჩს ბოსტონ სელტიქსთან კვირას ჩაატარებს.

ბეჟანიშვილმა ბოლო 3 წელი ილინოისის უნივერსიტეტში გაატარა. ის 22 წლისაა და ცენტრისა და მძიმე ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში. გიორგის დენვერში სადებიუტო მატჩი ორშაბათს მაიამი ჰითის წინააღმდეგ ელის.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიელთაგან იაკობ პოელტლი ტორონტო რეპტორსმა საზაფხულო ლიგაში 2017 წელს ათამაშა, უფრო ადრე კი, 2013 წელს, რაშიდ მაჰალბაშიჩი ორლანდო მეჯიქის რიგებს იცავდა”.

ლას ვეგასის საზაფხულო ლიგა 8-17 აგვისტოს ნევადის უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდება და საერთო ჯამში, 75 მატჩია დაგეგმილი. ბეჟანიშვილის ნაგეთსი მაიამის (9 აგვისტო) გარდა, ბოსტონს (10 აგვისტო), ფენიქსსა (12 აგვისტო) და დალასს (14 აგვისტო) ეთამაშება.

ბეჟანიშვილმა ილინოისის რიგებში 95 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 8.2 ქულას, 4.3 მოხსნას და 0.9 პასს აგროვებდა. “პოპსპორტთან” ინტერვიუში გიორგიმ კოლეჯთა ლიგის კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, თუმცა, ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, ახალი არაფერია. ცხადია, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მეტი აქტიურობა მართებს, მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ ბეჟანიშვილის დასამატებლად ავსტრიული მხარეც ყველაფერს ცდილობს.

აქვე დავძენთ, რომ ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაში მონაწილეობას მიიღებს NBA-ს მოქმედი ჩემპიონი მილუოკი ბაქსიც (ცხადია, სულ სხვა შეადგენლობით), რომელმაც გასულ დრაფტზე 54-ე ნომრად სანდრო მამუკელაშვილი აირჩია. მილუოკელები 10 აგვისტოს კლიპერსს ეთამაშებიან, 12-ში – ბრუკლინს, 14-ში – მინესოტას, ხოლო 16-ში – ვაშინგტონს.

კომენტარები

ბოლო ამბები