Thumbnail

"ამ ერთ წელიწადში ჩვენი ნაკრები უფრო გამოცდილი იქნება", - ასეთი იყო რობერტო მანჩინის კომენტარი მას შემდეგ, რაც უეფამ შარშანდელი, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი კოვიდის გამო წლევანდელი ზაფხულისთვის გადმოიტანა. მანჩინი კმაყოფილი კი არა, გახარებულიც ჩანდა. ევროპის ჩემპიონატის ერთი წლით გადავადებამ იტალიას ძალიან კარგი სამსახური გაუწია. თუ შევადარებთ, რა გუნდი ჰყავდა მანჩინის წინა ზაფხულს, ლოგიკური კითხვა გაჩნდება - რამდენად ჰქონდა იტალიას წინა წელს ჩემპიონობის შანსი?

დიდი ალბათობით, შარშან გუნდში არ იქნებოდა ჯორჯო კიელინი, რომელმაც ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, მთელი სეზონი გამოტოვა და მხოლოდ გვიან გაზაფხულზე დაბრუნდა. არ იქნებოდა მარკო ვერატი, რომელსაც კოვიდი ზუსტად ივნისში დაემართა. არ იქნებოდა ლეონარდო სპინაცოლა, რომელიც მანჩინის ჩამონათვალში მხოლოდ მესამე იყო მარცხენა მცველებს შორის, ემერსონის და ბირაგის უკან და ნაკრებში სტაბილურად არ იწვევდნენ. არ იქნებოდა მანუელ ლოკატელიც, რომელიც იმ დროს ნაკრების წევრად არ მიიჩნეოდა.

კიელინი ნაკრებში მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა

დიდი ალბათობით, არ იქნებოდა გუნდში არც ჯოვანი დი ლორენცო, რომელიც ასევე მხოლოდ მესამე კანდიდატი იყო მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ფლორენცისა და ინტერის დ'ამბროზიოს შემდეგ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი "სკუადრა აძურას" ბევრი ფეხბურთელი წინა წელს ბევრად ცუდ ფორმაში იყო. მაგალითად, ფედერიკო კიეზა ამ სეზონში იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცა, მაშინ, როცა წინა წელს ფიორენტინაში მხოლოდ პერსპექტიულ ახალგაზრდად მიიჩნეოდა. ძირითადში ფეხი მოკიდებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა დომენიკო ბერარდის და ის მანჩინის ჩამონათვალში მატეო პოლიტანოს უკან იყო. ლორენცო ინსინიემ კი წინა სეზონში მხოლოდ 8 გოლი გაიტანა, როცა წელს 17 გოლით ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა.

ამ სეზონში ნიკოლო ბარელა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად იქცა, ხოლო ალესანდრო ბასტონი - ინტერის დაცვის ლიდერად. ბასტონი წინა ზაფხულს ნაკრებში საერთოდ არ იქნებოდა. მის ნაცვლად ალესიო რომანიოლის იწვევდნენ ხოლმე.

წინა წელს ევროპის ჩემპიონატი რომ ჩატარებულიყო, იტალიას რამდენიმე ლიდერი (კიელინი, ვერატი, სპინაცოლა) დააკლდებოდა, ხოლო წლევანდელი გუნდის დიდი ნაწილი (კიეზა, ბერარდი, ინსინიე) ტურნირს ბევრად უფრო ცუდ ფორმაში შეხვდებოდა.

რთული წარმოსადგენია მათ გარეშე მოახერხებდა თუ არა იტალია ევროზე გამარჯვებას. ფაქტია, კოვიდმა მანჩინის გუნდს მხოლოდ კარგი სამსახური გაუწია - ტრავმირებულები გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ახალგაზრდებმა აუცილებელი გამოცდილება მიიღეს და ფორმის პიკში გავიდნენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები