Thumbnail

'მადლობა საქართველოს' - რატომ თქვა პლესნოიმ უკრაინის სახელით გამოსვლაზე უარი

ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ (-96 კგ) საქართველოს ტოკიოს თამაშებზე მეხუთე მედალი მოუტანა. მუხლის ტრავმის მიუხედავად, პლესნოიმ ორჭიდში 387 კგ დაძლია და ბრინჯაო მოიპოვა.

24 წლის სპორტსმენი წარმოშობით უკრაინიდან, დონბასიდანაა, მაგრამ წლებია, საქართველოს სახელით გამოდის. პლესნოის საქართველოს დროშის ქვეშ ოლიმპიურ მედლამდე, ევროპის ჩემპიონატის ოქრო (2021) და ბრინჯაო (2019), ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის (2019) ბრინჯაო აქვს მოპოვებული.

ტიკიოში მიღწეული წარმატების შემდეგ, ანტონს უკრაინული მედია დაუკავშირდა და იმ მიზეზზე ჰკითხა, რის გამოც მან სპორტული მოქალაქეობის შეცვლა გადაწყვიტა.

"უკრაინაში სპორტსმენებისთვის პირობებს არ ქმნიან. არ აძლევენ იმას, რასაც იმსახურებენ. სერიოზული უთანხმოება მქონდა უკრაინის ძალოსნობის ფედერაციასთან, რის გამოც გადავწყვიტე, სხვა ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი", - უთხრა პლესნოიმ უკრაინულ მედიას

სპორტსმენის თქმით, უკრაინის სახელით გამოსვლა რომ გაეგრძელებინა, შესაძლოა, ტოკიოს თამაშებზე სულ ვერ მოხვედრილიყო, თუმცა, ანტონი იმასაც ამბობს, რომ არასდროს ავიწყდება თავისი წარმომავლობა და უყვარს უკრაინა, რომელიც საქართველოსთან ერთად, მისთვის მშობლიურია.

"სხვა არჩევანი უბრალოდ არ მქონდა. ახლა რომ უკრაინის სახელით გამოვდიოდე, შესაძლოა, ოლიმპიადაზე საერთოდ ვერც წავსულიყავი. 

მადლობა საქართველოს, რომ მიმიღო და მომცა შესაძლებლობა, გამოვსულიყავი თამაშებზე. არ ვივიწყებ ჩემს მიწა-წყალს, წარმოშობით დონბასიდან ვარ. მიყვარს ჩემი მამული, უკრაინა და საქართველო - ჩემთვის ორივე მშობლიურია". 

საქართველოს დელეგაციას ტოკიოში ამ დროისთვის 5 მედალი აქვს მოპოვებული. ანტონ პლესნოის გარდა, მედლები ძიუდოისტებმა: ლაშა ბექაურმა (ოქრო), ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა (სამივე ვერცხლი) მოიპოვეს. მედალი გარანტირებული აქვს ბერძნული-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას, რომელიც ფინალშია გასული და 2 აგვისტოს იბრძოლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები