Thumbnail

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე საკუთარი გამოსვლა შეაფასა. როგორც მან თქვა, ყველაფერი გააკეთა წარმატებისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა. სალუქვაძემ აღნიშნა, რომ 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით ასპარეზობა დახურულ ტირში მოუწიათ, რაც მოულოდნელი იყო და მის გამოსვლაზე გავლენა მოახდინა.

ნინო სალუქვაძე: "ძალიან მინდოდა, რომ ისევ გამეხარებინა ჩემი ხალხი. სიმართლე გითხრათ, ვეცადე და თავი ნამდვილად არ დამიზოგავს, ისეთი სერიები ამოვქაჩე და ბოლომდე ვიბრძოლე, მაგრამ არ გამომივიდა. არავის და არაფერს ვაბრალებ, მაგრამ არცერთი ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი არ ტარდება დახურულ ტირში. ჩამოვედით და ყველას ეს სიურპრიზი დაგვხვდა.

დახურულ ტირში ვისროლეთ 25 მეტრიდან, ასეთი რამ ოლიმპიადაზე კი არა, უბრალო საერთაშორისო შეჯიბრებებზეც არ ხდება. ვიკითხეთ და გვიპასუხეს, რა მნიშვნელობა აქვსო. ეს იგივეა, რომ ფეხბურთი ბალახის ნაცვლად ხელოვნურ საფარზე ათამაშო, ჩოგბურთი ქვიშაზე ან მძლეოსნობა დახურულ დარბაზში იყოს. განსხვავება ის არის, რომ ბუნებრივი და ხელოვნური განათების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. ამიტომ, ჩემი მხედველობის გამო, გამიჭირდა. ჩემი გუნდი აგრძელებს ასპარეზობას და მთელ ოლიმპიურ გუნდს წარმატებებს, მედლების მოპოვებას და მთელ ქვეყანას მშვიდობას ვუსურვებ".

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით, ხოლო 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით კვალიფიკაცია ვერ დაძლია. ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ის ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია. ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი უკვე 2008 წელს, პეკინში, საქართველოს სახელით დაისაკუთრა.

კომენტარები

ბოლო ამბები