Thumbnail

მატჩები გაუქმდა - სამხრეთ აფრიკის ნაკრები საქართველოში არ ჩამოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 18-წლამდე ნაკრებების მატჩები გაუქმდა
  • მიზეზი ორივე ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ორივე ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, აგვისტოში დაგეგმილი აფრიკელთა ორკვირიანი ტურნე გაუქმებულია.

უმცროსი ''ბოკე“ საქართველოში 1 აგვისტოს უნდა ჩამოსულიყო და 18-წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სამი თამაში გაემართა. მხარეებს შორის დღეს გამართული მოლაპარაკებისას გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ამ ეტაპზე ეს ტურნე აღარ გაიმართება.

ბაჩო ხურციძე (საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): ჩვენთვის პრიორიტეტი მოთამაშეების ჯანმრთელობაა და სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად ვიცავდით კოვიდ-რეგულაციებს და რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით, ამ თამაშების გამართვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მოთამაშეების ჯანმრთელობით ვერ გავრისკავდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ და სამხრეთ აფრიკელებმა ტურნეს გაუქმების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ.

იური რუ (სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გენერალური დირექტორი): ორივე ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და ტურნეს გაუქმების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ასეთ გადაწყვეტილებამდე მისვლა იოლი არ ყოფილა, თუმცა მოთამაშეთა ჯანმრთელობა პრიორიტეტულია. მადლობა ჩვენს მეგობრებს საქართველოდან, რომლებიც შექმნილ სიტუაციას სწორად აფასებენ.

ქართველ 18-წლამდელებს სამხრეთ აფრიკელი თანატოლების წინააღმდეგ 7, 11 და 14 აგვისტოს უნდა ეთამაშათ. გუნდი ამა წლის ოქტომბერში, კალინინგრადში გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები