Thumbnail

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ანტონ პლესნოის (-96 კგ) ასპარეზობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პლესნოიმ ორჭიდში 387 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, რომელიც საქართველოსთვის მიმდინარე ოლიმპიადაზე მე-5 მედალი გამოდგა.

ასანიძემ ხაზი გაუსვა აკვრის მოძრაობის დროს მიღებულ ტრავმას და თქვა, რომ ეს შედეგი ანტონის მაქსიმუმი არ ყოფილა:

გიორგი ასანიძე: "ვულოცავ ანტონს, საქართველოს დელეგაციას, მწვრთნელებს, ექიმებს, ვინაიდან ძალიან ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, აკვრის მოძრაობაში მუხლი დაიზიანა და ძალიან სწრაფი გადაწყვეტილების წინაშე ვიდექით. გიორგის (ჭინჭარაული, ძალოსანთა ნაკრების ექიმი) შემოთავაზებული პროცედურაზე არც დავფიქრებულვართ და სწრაფად გადავწყვიტეთ, რომ ადგილზე მომხდარიყო ტრავმის ლოკალიზება, რამაც გაამართლა და მადლობა ყველას, ექიმებს, გიორგის და ზურაბ კახაბრიშვილს განსაკუთრებით. ეს არ იყო მისი მაქსიმუმალური შედეგი და ვეცდებით შემდეგ ოლიმპიადაზე გამოვასწოროთ".

ანტონ პლესნოიმ საქართველოს მე-5 მედალი და პირველი ბრინჯაო მოუტანა

ტოკიოს თამაშებზე საქართველო ოთხი ძალოსნით წარსდგა. შოთა მიშველიძემ (-61 კგ) და გოგა ჩხეიძემ (-67 კგ) გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს, 4 აგვისტოს კი ტოკიოს ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების მედროშე, 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+109) გავა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში საქართველოს 4 მედალი ძიუდოისტებმა მოუტანეს. ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90 კგ.) გახდა, ვერცხლს კი ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) დაეუფლნენ.

1-ელ აგვისტოს, თამაშების მეცხრე დღეს, საქართველოს თამაშებზე მხოლოდ ერთი სპორტსმენი ეყოლება - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (-130 კგ). 27 წლის მოჭიდავისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა, რიოს 2016 წლის თამაშების შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები