Thumbnail

31 ივლისს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა - ძალოსანთა შეჯიბრში ანტონ პლესნოი (-96 კგ) გამოვიდა, ხოლო მძლეოსანთა ასპარეზზე - ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა). 

ანტონ პლესნოიმ საქართველოს ტოკიოში მე-5 მედალი მოუტანა

საქართველოს დელეგაციამ მე-5 ოლიმპიური მედალი მოიპოვა - ეს პლესნოის გმირობის დამსახურებაა - ქართველმა ათლეტმა მიუხედავად ტრავმისა, შეძლო აკვრაში 210 კილოგრამი და ამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პლესნოი პოდიუმზე კოჭლობით ავიდა.

საინტერესო ფაქტები

🏅 დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ანტონ პლესნოის ბრინჯაო რიგით 37-ე მედალია (მე-18 ბრინჯაო).

🏅 საქართველო ოლიმპიადებზე 7-ჯერ გამოვიდა და ბრინჯაოს მედლის გარეშე მხოლოდ ერთხელ დარჩა (ათენი 2004).

🏅 საქართველომ ტოკიოში უკვე 5 მედალი მოიპოვა და გადაასწრო ათენი 2004-ს (4 მედალი). ერთი მედალიც და სიდნეი 2000-ის და ლონდონი 2012-ის შედეგი (6 მედალი) გამეორდება. 

🏅 საქართველოს სახელით ძალოსნობაში 6 მედალი მოვიპოვეთ: 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

🏅 საქართველოს სახელით ბრინჯაო ძალოსნობაში აქამდე გიორგი ასანიძეს (სიდნეი 2000) და ირაკლი თურმანიძეს (რიო 2016) ჰქონდათ მოპოვებული.

24 წლის ძალოსანი, რომელიც უკვე წლებია საქართველოს სახელით გამოდის და ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში A ჯგუფში გამოვიდა. პლესნოიმ პირველ მოძრაობაში - ატაცში, სამიდან ორი ცდა გამოიყენა, მისი საუკეთესო შედეგი კი 177 კგ იყო. ეს წონა კიდევ ორმა ძალოსანმა დააფიქსირა, საუკეთესო კი 178 კგ-ით კანადელი ბოედი სანტავი (ოლიმპიური რეკორდით) გახდა.

ანტონმა აკვრაში პირველ მისვლაზე 206 კგ დაძლია, თუმცა შემდეგ ფეხი იტკინა და მეორე ცდა ჩააგდო. პლესნოიმ ტრავმით მაინც შეძლო 210 კგ-იანი შტანგის დამორჩილება. ორჭიდში ანტონ პლესნოის შედეგი 387 კგ იყო, რაც თამაშებზე მესამე შედეგია.


ტოკიოს თამაშებზე საქართველო ოთხი ძალოსნით წარსდგა. შოთა მიშველიძემ (-61 კგ) და გოგა ჩხეიძემ (-67 კგ) გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს, 4 აგვისტოს კი ტოკიოს ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების მედროშე, 2018 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+109) გავა. 

ბოლო ადგილი ჯგუფში

ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე სიგრძეზე ხტომაში A ჯგუფის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, რომელშიც ბაჩანა ხორავამ მიიღო მონაწილეობა. ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფში ბოლო, მე-14 ადგილი დაიკავა.


ხორავას საუკეთესო შედეგი 7.41 მეტრი იყო, რომელიც მან პირველ ცდაზე დააფიქსირა, რის შემდეგაც მან საკუთარი შედეგები გააუარესა. ბაჩანა მეორე ცდაზე 7.35 მეტრზე გადახტა, ხოლო მესამე ცდით 7.17 მეტრი დააფიქსირა. ამ ჯგუფის გამარჯვებული იაპონელი იოკი ჰაშიუკა გახდა. მისი შედეგი 8.17 მეტრი იყო.

31 ივლისის ყველა ოლიმპიური მედალი

შაბათს, 31 ივლისს ოლიმპიური მედლები სპორტის 13 სახეობაში გათამაშდა, სულ 21 კომპლექტი: 

იამაიკელმა ელაინ თომპსონ-ჰერამ 100 მეტრი ყველაზე სწრაფად გაირბინა

მშვილდოსნობა (ვაჟები ინდივიდუალური)

1. მეტე გაზოზი (თურქეთი), 2. მაურო ნესპოლი (იტალია), 3. ტაკაჰარუ ფურუკავა (იაპონია)

მძლეოსნობა (ვაჟები დისკოს სროლა)

1. დანიელ სტალი (შვედეთი), 2. სიმონ პეტერსონი (შვედეთი), 3. ლუკას ვეისჰაიდინგერი (ავსტრია) 

მძლეოსნობა (ქალები 100 მ)

1. ელაინ თომპსონ-ჰერა (იამაიკა), 2. შელი-ან ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა), 3. შერიკა ჯეკსონი (იამაიკა)

მძლეოსნობა (4x400 მ. მიქსი)

1. პოლონეთი, 2. დომინიკის რესპუბლიკა, 3. აშშ

ბადმინტონი (ვაჟები წყვილები)

1. იან ლი/ჩი-ლინ ვანგი (ტაივანი), 2. იუნ ჰუი ლი/იუ ჩენ ლიუ (ჩინეთი), 3. აარონ ჩია/ვოი იკ სოჰი (მალაიზია)

ფარიკაობა (ქალები გუნდური)

1. როკ, 2. საფრანგეთი, 3. სამხრეთ კორეა

ძიუდო (შერეული გუნდური)

1. საფრანგეთი, 2. იაპონია, 3. გერმანია, 3. ისრაელი

შვიდკაცა რაგბი (ქალები)

1. ახალი ზელანდია, 2. საფრანგეთი, 3. ფიჯი

აფროსნობა (ქალები RS:X)

1. იუნსიუ ლუ (ჩინეთი), 2. შარლინ პიკონი (საფრანგეთი), 3. ემა უილსონი (დიდი ბრიტანეთი)

აფროსნობა (ვაჟები RS:X)

1. კირან ბადლოე (ნიდერლანდები), 2. თომა გოიარი (საფრანგეთი), 3. კუნ ბი (ჩინეთი)

სროლა (ქალები 50 მ. შაშხანა)

1. ნინა კრისტენი (შვეიცარია), 2. იულია ზიკოვა (როკ), 3. იულია კარმოვა (როკ)

სროლა (სასტენდო შერეული)

1. ესპანეთი, 2. სან მარინო, 3. აშშ

ცურვა (ქალები 800 მ. თავისუფალი)

1. კატლინ ლედეცკი (აშშ), 2. არიარნ ტიტმუსი (ავსტრალია), 3. სიმონა კუადარელა (იტალია)

ცურვა (ქალები 200 მ. გულაღმა)

1. კაილი მაკკეონი (ავსტრალია), 2. კაილი მასე (კანადა), 3. ემილი სიბომი (ავსტრალია)

ცურვა (ვაჟები 100 მ. ბატერფლაი)

1. კაელებ დრესელი (აშშ), 2. კრისტოფ მილაკი (უნგრეთი), 3. ნოე პონტი (შვეიცარია)

ცურვა (4x100 მ. შერეული)

1. დიდი ბრიტანეთი, 2. ჩინეთი, 3. ავსტრალია

ჩოგბურთი (ვაჟები ბრინჯაოსთვის)

3. პაბლო კარენო-ბუსტა (ესპანეთი)

ჩოგბურთი (ქალები)

1. ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია), 2. მარკეტა ვონდრუშოვა (ჩეხეთი), 2. ელინა სვიტოლინა (უკრაინა)

ბატუტზე ხტომა (ვაჟები)

1. ივან ლიტვანოვიჩი (ბელარუსი), 2. დონდ დონგი (ჩინეთი), 3. დილან შმიდტი (ახალი ზელანდია)

ტრიატლონი (შერეული)

1. დიდი ბრიტანეთი, 2. აშშ, 3. საფრანგეთი

ძალოსნობა (ვაჟები 81 კგ)

1. სიაოუნ ლიუ (ჩინეთი), 2. ზაკარიას ბონა მიშელი (დომინიკის რესპუბლიკა), 3. ანტონინო პიცოლატო (იტალია)

ძალოსნობა (ვაჟები 96 კგ)

1. იბრაჰიმ ელბახი (ყატარი), 2. ვალენილია სანჩესი (ვენესუელა), 3. ანტონ პლესნოი (საქართველო)

 

კომენტარები

ბოლო ამბები