Thumbnail

ტოკოს ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის საფეხბურთო ტურნირში ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა: ოქროს მედლისთვის ბრძოლას ესპანეთის, იაპონიის, ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები აგრძელებენ.

მეოთხედფინალში ბრაზილიამ ეგვიპტეს დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოუგო, ერთადერთი გოლი კი პირველი ტაიმის ბოლოს მათეუს კუნიამ გაიტანა. მეორე ნახევარში ეგვიპტემ ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ბრაზილიელები ნახევარფინალში არიან.

მასპინძელმა იაპონიამ უმძიმეს და დაძაბულ ბრძოლაში აჯობა ახალ ზელანდიას. გუნდებმა 120 წუთში გოლი ვერ გაიტანეს და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელშიც იაპონიამ 4-დან 4-ვე პენალტი გაიტანა, ხოლო ზელანდიელები ორჯერ შეცდნენ და ამგვარად, მასპინძლები საუკეთესო ოთხეულში მოხვდნენ.

მათეუს კუნიას გადამწყვეტი გოლი ეგვიპტელთა კარში

მეოთხედფინალური ეტაპის ყველაზე საინტერესო შეხვედრა ესპანეთსა და კოტ დ'ივუარს შორის იყო მოსალოდნელი. აფრიკელები ერიკ ბაიმ მატჩის დასაწყისშივე დააწინაურა, მაგრამ დანი ოლმომ 30-ე წუთზე ეს გოლი გაქვითა. მე-2 ტაიმში არაფერი იცვლებოდა და გუნდები დამატებითი დროისთვის ემზადებოდნენ, როცა თურქული სივასპორის ნახევარმცველმა მაქს გრადელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველივე წუთზე კოტ დ'ივუარი წინ გაიყვანა და ნახევარფინალამდე ძალიან ცოტა რჩებოდა. თუმცა, აფრიკელთა სიხარული ნაადრევი იყო, მსაჯის მე-3 დამატებულ წუთზე რაფა მირმა ანგარიში გაათანაბრა (2:2) და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც კოტ დ'ივუარი მენტალურად გატყდა. "ფურია როხამ" კი პირიქით, ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, რითაც კარგად ისარგებლა, ჯერ მიკელ ოიარზაბალმა 98-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 117-ე და 120-ე წუთებზე მირმა კიდევ ორჯერ იხეირა და თამაში ჰეთ თრიქით დაასრულა, ხოლო ესპანეთმა 5:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ რაფა მირი მოედანზე მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გამოჩნდა და ერთ წუთში წონასწორობა აღადგინა, ხოლო დამატებით დროში კიდევ ორჯერ გაიტანა და მატჩის გმირი გახდა.

რომ არა რაფა მირი, ესპანეთი ოლიმპიადას დაემშვიდობებოდა

ბოლო მეოთხედფინალური მატჩი კი არა მარტო მეოთხედფინალში, მთლიანად ოლიმპიადაზე ყველაზე შედეგიანი გამოდგა. მექსიკისა და სამხრეთ კორეის შეხვედრაში 9 გოლი გავიდა და მექსიკელებმა იოლად 6:3 მოიგეს, შედეგად ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

ნახევარფინალში ესპანეთი იაპონიას, ბრაზილია კი მექსიკას შეხვდება. ორივე თამაში 3 აგვისტოს გაიმართება.

ესპანეთი 5:2 კოტ დ'ივუაური

გოლები: 0:1 ბაი (10), 1:1 დანი ოლმო (30), 1:2 გრადელი (90+1), 2:2 რაფა მირი (90+3), 3:2 ოიარზაბალი (98), 4:2 რაფა მირი (117), 5:2 რაფა მირი (120+1)

იაპონია 0:0 (პენ: 4:2) ახალი ზელანდია

ბრაზილია 1:0 ეგვიპტე

გოლი: 1:0 კუნია (37)

სამხრეთ კორეა 3:6 მექსიკა

გოლები: 0:1 მარტინი (12), 1:1 დონგ ლი (20), 1:2 რომო (30), 1:3 კორდოვა (39), 2:3 დონგ ლი (51), 2:4 მარტინი (54), 2:5 კორდოვა (63), 2:6 აგირე (84), 3:6 უი-ჯო (90+1)

კომენტარები

ბოლო ამბები