Thumbnail

30 ივლისს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 4-მა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. დასრულდა ასპარეზობა ძიუდოს მექა "ნიპონ ბუდოკანში", ეს იყო იაპონიის ნაკრების სრული ტრიუმფი, 14 ოქროდან 9 მასპინძლებმა მოიპოვეს, თუმცა საქართველოს ნაკრებსაც შესანიშნავი ოლიმპიადა ჰქონდა - 1 ოქრო და 3 ვერცხლი. ვაჟთა შორის ლაშა გუჯეჯიანის ნაკრებმა მე-2 ადგილი დაიკავა. ბოლო მედალი მძიმე წონაში (+100 კგ) გურამ თუშიშვილმა მოიპოვა, მან საერთო ჩათვლაში თვით ძიუდოს ლეგენდა ტედი რინერსაც (საფრანგეთი) გაუსწრო. 

საინტერესო ფაქტები

🏅 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ოქრო და 3 ვერცხლი მოიპოვა. საერთო ჩათვლაში გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა (იაპონიის, კოსოვოს და საფრანგეთის მერე).

🏅 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვაჟთა ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა (პირველი იაპონია, მესამე - ჩეხეთი). 

🏅 საქართველოს სახელით ძიუდოისტებს აქამდე 2 მედალზე მეტი არასდროს მოუპოვებიათ (ახლა 4). 

🏅 საქართველომ სამი ვერცხლი ისტორიაში პირველად მოიპოვა. 

🏅 მედლების რაოდენობით ქართული დელეგაცია ათენი 2004-ს (4 მედალი) გაუთანაბრდა. 

გურამ თუშიშვილმა პირველი ორთაბრძოლა ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან გამართა და გამარჯვება იზეიმა. ქართველი ძიუდოისტი ვაზარით დაწინაურდა, რასაც ტაჯიკის გააქტიურება მოჰყვა და მან გურამი შებოჭვაზე დაიჭირა, თუმცა, საპასუხო ვაზარის დაფიქსირებამდე  4 წამი დააკლდა. ბოლოსკენ რახიმოვმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, თუმცა, თუშიშვილმა კიდევ ერთი ილეთი განახორციელა და იპონი დააფიქსირა. მეოთხედფინალში კი ბრაზილიელი რაფაელ სილვას აჯობა. ქართველი ძიუდოისტი აქტიურად გამოიყურებოდა, მეტოქეს 3 შიდო მიაღებინა და შემდეგ წრეში გავიდა.


26 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.) ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში რუსი ტამერლან ბაშაევი იპონით დაამარცხა. თუშიშვილი ვაზარით ჩამორჩა, თუმცა, მისი გაქვითვა მოახერხა და შემდეგ ჩეჩენი მეტოქე იპონზეც დასცა.


თუშიშვილმა ფინალური ორთაბრძოლა ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან ჩაატარა და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულთან (ოღონდ, 100 კგ-მდე წონაში) იპონით წააგო. გურამმა კარგად დაიწყო და მეტოქეს 2 შიდო მიაღებინა, თუმცა, ორთაბრძოლის ბოლოსკენ მეტოქის კონტრილეთზე ვაზარიზე მოჰყვა და შემდეგ კრპალეკმა შებოჭვაზეც დაიჭირა.

ბოლო ოლიმპიადა?

ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადაზე 25 მეტრიდან სპორტული იარაღით სროლაში ასპარეზობა დაასრულა. მან ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის საწყის ეტაპზე მონაწილეებმა სამი სერია 10-10 გასროლით გაიარეს, სალუქვაძეს ასეთი შედეგი ჰქონდა: 94, 98, 99. ჯამურად – 291, რაც მე-7 შედეგი იყო.

ნინო სალუქვაძემ ტოკიოში ასპარეზობა დაასრულა

30 ივლისს მსროლელებს სამი სერია უკვე სწრაფ სროლებში ჰქონდათ და ფინალში გამსვლელი 8 სპორტსმენის ვინაობაც ასე გაირკვა. ნინომ 94, 96 და 97 ქულა დააფიქსირა, ჯამში 578 ქულა მოუგროვდა და პირველადგილოსან ბულგარელს ანტოანეტა კოსტადინოვას 12 ქულით ჩამორჩა. ნინომ 44 სპორტსმენში 25-ე ადგილი დაიკავა.

სალუქვაძემ მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ის ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია. ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი უკვე 2008 წელს, პეკინში, საქართველოს სახელით დაისაკუთრა.

ერთი ნაბიჯი მედლამდე

ტოკიოს ოლიმპიადას ესკერხან მადიევი გამოეთიშა. ქართველ მოკრივეს ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა და ოლიმპიური თამაშები მეოთხედფინალში დაასრულა.

ესკერხან მადიევი 1/4 ფინალში დამარცხდა

მადიევი (69 კგ) 1/4-ფინალში გამოცდილ რუს მოკრივეს, ანდრეი ზამკოვოის დაუპირისპირდა, რომელიც 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი და 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. მადიევმა გამოცდილ მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მისი დამარცხება ვერ მოახერხა.


ზამკოვოიმ ხუთივე მსაჯის გადაწყვეტილებით სამივე რაუნდში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მოგეხსენებათ, მადიევი ნახევარფინალში რომ გასულიყო, მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ავტომატურად გაინაღდებდა.

პირველმა ქართველმა მძლეოსანმაც იასპარეზა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე დღეს საქმეში პირველი ქართველი მძლეოსანი ჩაება და როგორც მოსალოდნელი იყო, მას კარგი შედეგი არ ჰქონია. სოფო შათირიშვილი ბირთვის კვრაში ტურნირში გამოვიდა და 32 მონაწილიდან მხოლოდ ერთს აჯობა, ისიც, იმის გამო, რომ კანადელი სპორტსმენი სტარტზე არ გასულა.

26 წლის შათირიშვილს სხვა მონაწილეთა მსგავსად 3 ცდა ჰქონდა, საიდანაც მან მხოლოდ ორი (14.91 და 15.31) გამოიყენა და როგორც კონკრეტულად B ჯგუფში, ასევე სრულიად ტურნირზე უარესი მაჩვენებელი დააფიქსირა. ვინაიდან ფინალში 12 საუკეთესო ბირთვის მკვრელი გადიოდა, ნათელია, რომ სოფომ მიზანს ვერ მიაღწია.

საინტერესოა, რომ ქართველი მძლეოსნის საუკეთესო მაჩვენებელი 18.74 მეტრია (გამოდის, პირად რეკორდს 3.43 მეტრით ჩამორჩა) და მას იდენტური შედეგი რომ დაეფიქსირებინა, ფინალში მე-11 ადგილით შევიდოდა. კვალიფიკაციის გამარჯვებული ჩინელი ლიჯიაო გონგი გახდა, რომლის საუკეთესო ცდაზეც ბირთვმა 19.46 მეტრს უწია.


შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე კიდევ 4 ქართველი მძლეოსანი იასპარეზებს. ასევე ბირთვის კვრაშს სცდიან ძალებს გიორგი მუჯარიძე და ბენიკ აბრამიანი (ორივე – 3 აგვისტო), ბაჩანა ხორავა (31 ივლისი) სიგრძეზე ხტომაში გამოვა, ხოლო ლაშა ღულელაური (3 აგვისტო) - სამხტომში.

30 ივლისის ყველა ოლიმპიური მედალი

პარასკევს, 30 ივლისს ოლიმპიური მედლები სპორტის 12 სახეობაში გათამაშდა, სულ 21 კომპლექტი:

მშვილდოსნობა (ქალები ინდივიდუალური)

1. ან სანი (სამხრეთ კორეა), 2. ელენა ოსიპოვა (როკ), 3. ლუსილა ბოარი (იტალია)

მძლეოსნობა (10 000 მ. რბენა ვაჟები)

1. სელემონ ბარეგა (ეთიოპია), 2. ჯოშუა ჩეპტეგეი (უგანდა), 3. ჯეიკ კიპლიმო (უგანდა)

ბადმინტონი (შერეული წყვილები)

1. დონ ჰუანი/იი ვანგი (ჩინეთი), 2. ია ჰუანი/სი ვეი ჟენგი (ჩინეთი), 3. იუტა ვანატაბე/არისა ჰიგაშინო (იაპონია)

კანოე სლალომი (ვაჟები კაიაკი)

1. ირჟი პრშკავეცი (ჩეხეთი), 2. იაკუბ გრუგარი (სლოვაკეთი), 3. ჰანეს აიგნერი (გერმანია)

ველოსპორტი (ველო მოტოკროსი ქალები)

1. ბეტანი შრივერი (დიდი ბრიტანეთი), 2. მარიანა პახონი (კოლუმბია), 3. მერელ სმალდერსი (ნიდერლანდები)

ველოსპორტი ( ველო მოტოკროსი ვაჟები)

1. ნიეკ კიმანი (ნიდერლანდები), 2. კაი უაითი (დიდი ბრიტანეთი), 3. კარლოს ალბერტო რამირესი (კოლუმბია)

ფარიკაობა (ვაჟები დაშნა გუნდური)

1. იაპონია, 2. როკ, 3. სამხრეთ კორეა

ძიუდო (ქალები +78 კგ.)

1. აკირა სონე (იაპონია), 2. იდალის ორტისი (კუბა), 3. ირინა კინძერსკა (აზერბაიჯანი), 3. რომენ დიკო (საფრანგეთი)

ძიუდო (ვაჟები +100 კგ.)

1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი), 2. გურამ თუშიშვილი (საქართველო), 3. ტედი რინერი (საფრანგეთი), 3. ტამერლან ბაშაევი (როკ)

ნიჩბოსნობა (ქალები ერთეულები)

1. ემა ტვიგი (ახალი ზელანდია), 2. ჰანა პრაკატცენი (როკ), 3. მაგდალენა ლობნიგი (ავსტრია)

ნიჩბოსნობა (ვაჟები ერთეულები)

1. სტეფანოს დუსკოსი (საბერძნეთი), 2. კიეტილ ბორხი (ნორვეგია), 3. დამირ მარტინი (ხორვატია)

ნიჩბოსნობა (ქალები 8-ადგილიანი)

1. კანადა, 2. ახალი ზელანდია. 3. ჩინეთი

ნიჩბოსნობა (ვაჟები 8-ადგილიანი)

1. ახალი ზელანდია, 2. გერმანია, 3. დიდი ბრიტანეთი

სროლა (25 მ. სპორტული ქალები)

1. ვიტალინა ბაცარაშკინა (როკ), 2. მინიუნ კიმი (სამხრეთ კორეა), 3. იარუსუან სიაო (ჩინეთი)

ცურვა (ქალები 100 მ. თავისუფალი)

1. ემა მაკკეონი (ავსტრალია), 2. ბერნადეტ ჰაუგეი (შვეიცარია), 3. კეიტ კემპბელი (ავსტრალია)

ცურვა (ქალები 200 მ. ბრასი)

1. ტატიანა შუნმეიკერი (სამხრეთ აფრიკა), 2. ლილი კინგი (აშშ), 3. ანი ლაზორი (აშშ)

ცურვა (ვაჟები 200 მ. გულაღმა)

1. ევგენი რილოვი (როკ), 2. რაიან მერფი (აშშ), 3. ლუკ გრინბენკი (დიდი ბრიტანეთი)

ცურვა (ვაჟები 200 მ. ინდივიდუალური)

1. შუნ ვანგი (ჩინეთი), 2. დანკან სკოტი (დიდი ბრიტანეთი), 3. ჯერემი დესპლანში (შვეიცარია)

მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები ერთეულები)

1. ლონგ მა (ჩინეთი), 2. ჟენდონ ფანი (ჩინეთი), 3. დიმიტრი ოვტჩაროვი (გერმანია)

ჩოგბურთი (ვაჟები წყვილები)

1. მეკტიჩი/პავიჩი (ხორვატია), 2. ჩილიჩი/დოდიგი (ხორვატია), 3. დანიელი/ვინუსი (ახალი ზელანდია)

ბატუტზე ხტომა (ქალები) 

1. სუეინგ ჟუ (ჩინეთი), 2. ლინგლინგ ლიუ (ჩინეთი), 3. ბრიონი პეიჯი (დიდი ბრიტანეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები