Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის, იაპონიის შემდეგ, მე-2 ადგილი დაიკავა. ამასთან, კიდევ სამმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა დათმო.

ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა, ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ძიუდოისტების გამოსვლა შეაფასეს:

ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან გახარებულები, ამაყები ვართ. პირველ რიგში ის არის საამაყო, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იბრძოლა, გამარჯვებისთვის თავი დადო, ეს არის ძირითადი წარმატება, ჩვენ ბრძოლის ხარჯზე მივაღწიეთ ამას, აქ საჩუქრებს არ არიგებდნენ. მადლობა ყველა გულშემატკივარს, ფედერაცია, ყველანაირი ხელშეწყობა და გვერდში დგომა გვქონდა. იყო ბრძოლა, სისხლისღვრა. გულდასაწყვეტია ის, რომ ხარისხით შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ეს ოლიმპიური თამაშებია, ეს ძიუდოა და გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო, თუმცა, შემდგომში უფრო მეტს გავაკეთებთ.

ძალიან მიხარია 1 ოქროს მედალი და 3 ვერცხლის მედალი. შედეგს ძალიან დადებითად ვაფასებ და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ამაყი ვარ, რომ მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ. თითოეულ მათგანს ვულოცავ გამარჯვებას, ეს საერთო გაამრჯვებაა. პირადად ჩემს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, მინდა დავით ქევხიშვილს მივუძღვნა, იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ლაშა გუჯეჯიანმა მიაღწია ამ პერიოდში, ეს მისი დამსახურებაა".

გურამ თუშიშვილმა ტოკიოში გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა

დავით ქევხიშვილი (ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): "პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ, ხვალ გუნდურ შეჯიბრში ვერ ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქნება, რომ მომდევნო ოლიმპიადაზე ამ ღონისძიებასაც შევუერთდეთ. ძალიან მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ ოლიმპიადა, ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. ეს არის შედეგი, რომელიც მომავალში ფედერაციასაც და თითოეულ ძიუდოისტს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. აქამდე თუ უფრო ტალანტების ხარჯზე ვიღებდით მედალს ოლიმპიადაზე, ახლა ეს ბარიერი გადალახულია, გეგმაზომიერი, ერთიანი მუშაობით საკმაოდ სოლიდური შედეგი ვაჩვენეთ, 4 მედალი ავიღეთ და სამიც მედლისთვის იბრძოდა. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს კიდევ უფრო სტიმულის და წარმატების მომტანი უნდა იყოს.

უმნიშვნელოვანეს შედეგს მივაღწიეთ, არა მარტო ძიუდოს ფედერაციამ, არამედ მთლიანად ქვეყანამ, რადგან ოლიმპიადა არის ქვეყნის სახე და ძალიან მოხარული ვარ, ჩვენ ღირსეულად დავიწყეთ და წარმოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი.

დიდი მადლობა თითოეულ ძიუდოისტს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც მოსამზადებელ პროცესში, გულშემატკივრებს და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ექიმების დამსახურება ბექაურის გამოჯანმრთელების ნაწილში, თუმცა მსურს ხაზი გავუსვა ლაშა გუჯეჯიანის დამსახურებას იმაში, რაც საქართველოს ნაკრებმა გააკეთა, განსაკუთრებით, ბექაურის ნაწილში. როგორც იცით, საკმაოდ სერიოზული ტრავმა ჰქონდა და იყო მომენტი, როცა ფაქტობრივად, ყველამ ჩაიქნია ხელი, ექიმებმაც განაცხადეს, რომ ვერ იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ ბექაური ღირსეულად და სრულყოფილად გამოვიდოდა ოლიმპიადაზე. სწორედ მაშინ, გუჯეჯიანმა თქვა, რომ ან ოლიმპიადაზე ლაშასთან ერთად წავალ, ან არ ვიქნები მთავარი მწვრთნელიო. ეს იყო უდიდესი ნდობა, რომელიც მან ამ პატარა ბიჭს გამოუცხადა და მინდა, ზოგადად ეს ნდობა გაგრძელდეს ამ ნაკრებში და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დიდ შედეგებს მივაღწევთ".

ლერი ხაბელოვი (სეოკ-ის პრეზიდენტი): "ვერცხლის მედალი ოლიმპიურ თამაშებზე ძალიან კარგი შედეგია. ვულოცავ ძიუდოის ნაკრებს ძალიან კარგ გამოსვლას. მთლიანად რომ შევაფასოთ, ძიუდოს ნაკრებმა ძალიან წარმატებულად იასპარეზა და ყველას ვულოცავ. იმედი მაქვს, კიდევ გვექნება მედლები და ვაგრძელებთ ჩვენს ტრიუმფს".

საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთი ოქრო ლაშა ბექაურმა მოუტანა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 4 მედალი აქვს მოპოვებული და ოთხივე ძიუდოისტების ანგარიშზეა - ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმალაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები