Thumbnail

26 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, რომელიც მისთვის პირველ ოლიმპიადაზე ასპარეზობს, ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

თუშიშვილმა პირველ წრეში ტაჯიკი ტემურ რახიმოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბრაზილიელი რაფაელ სილვას აჯობა. ქართველი ძიუდოისტი აქტიურად გამოიყურებოდა, მეტოქეს 3 შიდო მიაღებინა და შემდეგ წრეში გავიდა.

უკვე ცნობილია, რომ გურამს ნახევარფინალში რუსი ტამერლან ბაშაევი ელის, რომელმაც უდიდესი სენსაცია მოახდინა და 2-გზის ოლიმპიური (2012, 2016) და მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ფრანგი ტედი რინერი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. 

ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან გურამ თუშიშვილის უპირატესობა აშკარა იყო
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

რინერის ჩამოცილების შემდეგ, ტურნირს შემორჩენილ ოთხეულს ოლიმპიური ჩემპიონობის შანსები ერთიორად გაეზარდა და ცხადია, რომ ყველა მათგანი მაგრად იბრძოლებს. ცნობისთვის თუშიშვილი და ბაშაევი ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და რუსის უპირატესობა აშკარაა (4:1), თუმცა, ისიც სათქმელია, რომ 2018 წლის შემდეგ მათი გზები არ გადაკვეთილა. 

მძიმე წონითი კატეგორიის მე-2 ნახევარფინალში იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა და ჩეხი ლუკაშ კრპალეკი იბრძოლებენ. საინტერესოა, ეს ძიუდოისტები ერთმანეთს 2016 წელს რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშიც გადაეყარნენ და მაშინ გამარჯვება ევროპელს დარჩა, ოღონდ, მაშინდელი ორთაბრძოლა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში შედგა. დღევანდელი ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 12:00 საათზე აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები