Thumbnail

ევროტურნირებს ერთადერთი ქართული კლუბი შემორჩა. დინამო ბათუმმა ბელარუსში ბატეს 4:1 მოუგო და კონფერენსლიგის მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც თურქულ სივასპორს შეხვდება. სამწუხაროდ, დინამო თბილისი ისრაელში მაკაბი ჰაიფასთან 1:5 განადგურდა და ევროტურნირებს დაემშვიდობა.

ქართული კლუბების გარდა, კონფერენსლიგაზე ქართველი ლეგიონერების კლუბებმაც იასპარეზეს. ელგუჯა ლობჯანიძის ტობოლი კონფერენსლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა. ყაზახურმა გუნდმა სპლიტის ჰაიდუკს 4:1 მოუგო. ლობჯანიძის გუნდს პირველი მატჩი 0:2 ჰქონდა წაგებული, ტობოლმა ძირითადი დრო 3:1 მოიგო, დამატებითში მეტოქეს კიდევ ერთი გაუტანა და მესამე ეტაპზე სლოვაკურ ჟილინას შეხვდება. ლობჯანიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა.

მერაბ გიგაურმა კეშლას მაისურით სოჭის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 2:4 დამარცხდა, ხოლო ორი მატჩის ჯამში 2:7 განადგურდა.

გიორგი ბერიძის უიპეშტმა ვადუცს სტუმრად 3:1 მოუგო. ბერიძე ძირითადში იყო და 47-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ წინა შეხვედრაში ვადუცთან საგოლე პასი გააკეთა.

ზაქარია ბეგლარიშვილის ლევადია ირლანდიურ დანდალკთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგას დაემშვიდობა. ბეგლარიშვილმა ძირითადში დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

კვიპროსულმა აპოლონმა სლოვაკურ ჟილინასთან ფრედ 2:2 ითამაშა. სამწუხაროდ, აპოლონის რიგებში არც რევაზ ინჯგიას და არც გიორგი პაპუნაშვილს არ უთამაშიათ. ჟილინა მომდევნო ეტაპზე გავიდა და ელგუჯა ლობჯანიძის ტობოლს ხვდება.

დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენმა ჟოდინოს ტორპედო 5:0 გაანადგურა. ხოჭოლავა მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგო სკამზე დატოვა. დანიელები მომდევნო ეტაპზე ბულგარულ პლოვდივის ლოკომოტივს შეხვდებიან

მესამე ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის რუბინის მეტოქე პოლონური რაკოვი იქნება, რომელმაც ლიეტუვის სუდუვა გააგდო. ნიკა სიჭინავას კოლოს კოვალივკა კი ყარაგანდის შახტიორს დაუპირისპირდება. იმედია, გენტისა და ლატვიური RFS-ის მატჩისთვის გიორგი ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელებას მოახერხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები