Thumbnail

ქართული სკანდალის წყალობით - ბრაზილიური დუეტი ტოკიოში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

დღეს ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირში შვეიცარიულმა დუეტმა (ბელინდა ბენჩიჩი, ვიკტორია გოლუბიჩი) 1/2 ფინალში ბრაზილიური (ლაურა პიგოსი, ლუიზა სტეფანი) დაამარცხა 7:5, 6:3 და ფინალში გავიდა. ბრაზილიელები კი 31 ივლისს ბრინჯაოს მედლისთვის როკ-ის წარმომადგენლებთან (ელენა ვესნინა, ვერონიკა კუდერმეტოვა) ითამაშებენ. 

რატომ მივაქციეთ ყურადღება ამ, ერთი შეხედვით, ნაკლებად საინტერესო ინფორმაციას ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან? გავიხსენოთ, ვინ არიან ლაურა პიგოსი და ლუიზა სტეფანი და როგორ მოხვდნენ ისინი ოლიმპიადაზე. ბრაზილიელებმა მხოლოდ 16 ივლისს შეიტყვეს, რომ ისინი ოლიმპიადაზე ითამაშებდნენ. მათ ტურნირზე ბოლოს გამოკლებული დუეტის ნაცვლად მიიღეს საგზური. მაგრამ ერთია, ამ ბრაზილიურ დუეტს გაცილებით ცუდი კომბინირებული რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე ოქსანა კალაშნიკოვასა და ეკატერინე გორგოძეს, მაგრამ ქართველებს ტოკიოში არავინ დაუძახა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სეოკ-ს მათი განაცხადის გაგზავნა, რატომღაც, დაავიწყდა. როდესაც ოქსანა კალაშნიკოვასთან დაკავშირებული სკანდალი "გასკდა", გაირკვა, რომ ქართული დუეტი რეიტინგით ორ წყვილს უსწრებდა, ბრაზილიურს და ტაივანურს. სწორედ ასე მოხვედრილმა დუეტმა შეძლო 1/2 ფინალში თამაში და ახლა ბრინჯაოს მედლების აღების შანსი აქვს! 

შეგახსენებთ, რომ ოქსანა კალაშნიკოვამ და ეკატერინე გორგოძემ სპორტულ არბიტრაჟში უჩივლეს ჩოგბურთის საერთაშორისო და საქართველოს ფედერაციებს, ასევე სეოკ-ს. არბიტრაჟმა მათ ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება არ დართო, თუმცა დაადგინა, რომ მათი ტოკიოში ვერგამოსვლის მიზეზი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტია, რომელმაც ვერ უზრუნველყო ოფიციალური განაცხადის წარდგენა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები