Thumbnail

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში დინამო ბათუმმა ბელარუსში ბატე 4:1 დაამარცხა და კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს!

პირველი მატჩი ბელარუსულ კლუბს ბათუმში 1:0 ჰქონდა მოგებული. ბორისოვოში, ბატე-მ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ბათუმელებმა მატჩი თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს. თამაშის შემდეგ, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თავისი გუნდის თამაში შეაფასა და უეფას ახალ ევროტურნირზე დაფიქსირებულ შედეგზე ისაუბრა.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი)

...კითხვაზე, იყო თუ არა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მისთვის დინამო ბათუმის მწვრთნელის რანგში: "ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამდვილად იყო. ასე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩემი ფეხბურთელები გავამხნევე, მაგრამ ისედაც ძალიან მოტივირებულები იყვნენ."

...თამაშის შესახებ: "მე არასდროს მითქვამს, რომ ბატე ძლიერი გუნდი არ არის. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდია. კმაყოფილი ვარ, რომ ძლიერი გუნდის დამარცხება მოვახერხეთ. ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით. გაგვიმართლა თუ არა იმაში, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი დაინიშნა? ძლიერებს უმართლებთ... ისევე, როგორც ბათუმში, აქ თამაშიც სასიამოვნო იყო. გულშემატკივარს ფეხბურთში უდიდესი როლი აქვს."

...კონფერენსლიგის შესახებ: "ეს საჭირო ტურნირია. ასე რომ არ იყოს, არც შეიქმნებოდა. თუმცა ახლა ადრეული ეტაპია და ტურნირის მსვლელობისას, რაც უფრო ძლიერ მეტოქეებს შევხვდებით, გავიაზრებთ, რომ ეს ძალიან კარგი და საჭირო ტურნირია."

დინამო ბათუმს კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ სივასპორთან ორრაუნდიანი დუელი ელოდება. 5 აგვისტოს დინამო ბათუმი თურქულ კლუბს უმასპინძლებს, ხოლო 12-ში სტუმრად დაუპირისპირდება. მანამდე კი, ორშაბათს, პლეი ოფის წილისყრა გაიმართება და გაირკვევა, ვის შეიძლება შეხვდეს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თურქული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში.

კომენტარები

ბოლო ამბები