Thumbnail

მაგარი თამაში და 4 გოლი - დინამო ბათუმი ევროტურნირზე თამაშს აგრძელებს!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დინამო ბათუმმა ბელარუსში ძალიან მაგრად ითამაშა, ბატე სტუმრად 4:1 დაამარცხა და ევროტურნირებზე ასპარეზობას აგრძელებს!

გია გეგუჩაძის გუნდმა ბორისოვოს ბატე-სთან შესანიშნავი 'ქამბექი' შემოგვთავაზა და ბათუმში წაგებული (0:1) მატჩის მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა, სადაც თურქულ სივასპორს შეხვდება.

პირველ ტაიმში დინამო ბათუმი გაცილებით მწვავედ უტევდა და გააზრებულად თამაშობდა, მაგრამ გოლი ბელარუსებმა გაიტანეს. ბორისოვოელები ბათუმელთა კართან სიტუაციის დაძაბვას მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობებით ახერხებდნენ და მათ შორის მატჩის საწყის წუთებში. თუმცა, ტაიმის შუაში გია გეგუჩაძის გუნდმა შეძლო გააზრებულად შეტევაში კომბინირება.

32-ე წუთზე ბატე გოლს სასწაულმა გადაარჩინა - გიორგი ზარიას დაწყებული შეტევა ჯოვინომ და ლადო მამუჩაშვილმა გააგრძელეს და მას სწორედ ზარია ასრულებდა, მაგრამ ბატე მცველმა იხსნა, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. შეტევა გაგრძელდა, ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან ჯაბა ჯიღაურმა მიიღო და დაარტყა, მაგრამ მეკარე ჩიჩკანი შეუდარებელი იყო. 6 წუთში სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ზარიამ შეასრულა და ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო 42-ე წუთზე გიორგის კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ მას ამჯერ უკვე ჩიჩკანმა აჯობა. ამგვარად, ზარიას 3 საგოლე შანსი ჰქონდა 10 წუთში! ჯერ მცველმა შეუშალა ხელი, მერე ხარიხამ და ბოლოს მეკარემ.

მაშინ, როდესაც ბელარუსელთა კარში გოლი მომწიფებული იყო, დინამო ბათუმმა გაუშვა და სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. ლაზარე კუპატაძისა და მამუკა კობახიძის შეუთანხმებელი თამაშის შედეგად, ცარიელ კარში ევგენი იაბლონსკიმ გაიტანა, ანგარიში გახსნა და ორი მატჩის ჯამში ბატე-ს უპირატესობა გაიზარდა.

პირველმა ტაიმმა გამოაჩინა, რომ დინამო ბათუმი უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა ამან შედეგი მე-2 ტაიმის სტარტზევე გამოიღო. 48-ე წუთზე იაბლონსკიმ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი მამუჩაშვილმა გოლად აქცია, ხოლო ზუსტად 10 წუთში ფლამარიონ ჯოვინომ მეორედ დალაშქრა ბელარუსთან კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში გაათანაბრა! გეგუჩაძის გუნდმა მეტოქე ფსიქოლოგიურადაც გატეხა და ლოგიკურია, რომ საქმე დამატებით დრომდე აღარ მიუყვანია. 74-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა შორი მანძილიდან დაარტყა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა! ახალგაზრდა მცველს რიკოშეტიც დაეხმარა, მაგრამ ფაქტია, მისი გადაწყვეტილება მართებულიც იყო და შედეგიანიც.

სულ ბოლო, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ფანცულაიამაც შეძლო ბატე-ს კარის აღება და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1 ბათუმელთა სასარგებლოდ. გეგუჩაძის გუნდს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქული სივასპორი ელის. 5 აგვისტოს დინამო ბათუმი თურქულ კლუბს უმასპინძლებს, ხოლო 12-ში სტუმრად დაუპირისპირდება. 

ერთიც უნდა გავიხსენოთ: 2004 წელს გია გეგუჩაჩის გაწვრთნილმა დინამო თბილისმა ბორისოვოს ბატე სტუმრად 3:2 დაამარცხა, როდესაც ბელარუსები 2:0-ს იგებდნენ. ისტორია განმეორდა, ამჯერად უკვე დინამო ბათუმთან ერთად და დაახლოებით იგივე სცენარი ჰქონდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა ბატე 2:0-ს ორი მატჩის ჯამში იგებდა. 17 წლის წინ დინამო თბილისი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ვნახოთ შეძლებს თუ არა გეგუჩაძე დინამო ბათუმთან ერთად ამ ისტორიის განმეორებასაც.

ბატე 1:4 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 იაბლონსკი (45), 1:1 მამუჩაშვილი (48-პენ), 1:2 ჯოვინო (58), 1:3 აზაროვი (74), 1:4 ფანცულაია (95)

ბატე (4-4-2): ჩიჩკანი - ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ბორდაჩევი - მილიჩი (85. ბესმერტნი), კარასევი (85. ნოსკო), იაბლონსკი, უმაროვი - ნეხაიჩიკი, სიგნევიჩი (63. იუსოვი)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, ალთუნაშვილი (90. ალთუნაშვილი) - მამუჩაშვილი (79. გაფრინდაშვილი), ზარია (66. მანჯგალაძე), ჯიღაური (79. შინდაგორიძე) - ჯოვინო (79. ფანცულაია)

კომენტარები

ბოლო ამბები