Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადაზე კალათბურთში მე-2 ტური დასრულდა და ესპანეთის ნაკრებმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. სერხიო სკარიოლოს გუნდმა არგენტინის ნაკრები დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.

შეხვედრა სამხრეთამერიკელებმა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 5-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, მეორე პერიოდი კი ესპანეთმა იდეალურად ჩაატარა. ისინი განსაკუთრებით შთამბეჭდავად დაცვაში გამოიყურებოდნენ და არგენტინამ 10 წუთში მხოლოდ 9 ქულა ჩააგდო. შედეგად, ესპანეთმა პერიოდი 20:9 და ტაიმი 40:34 მოიგო. მეორე ნახევარში სკარიოლოს შეგირდებს მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და 10 ქულის სხვაობით მოიგეს - 81:71.

ესპანეთის ნაკრებში საუკეთესო რიკი რუბიო იყო, რომელმაც 25 წუთში 26 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ლეგენდარული პაუ გასოლი კი ორმაგ დუბლთან იყო ახლოს - 9 ქულა და 8 მოხსნა. არგენტინის ნაკრებს 27 ქულით ნიკოლას ლაპროვიტოლამ ულიდერა, ლუის სკოლამ 13 ქულა ჩააგდო, ხოლო ფაკუნდო კამპაცოს ანგარიშზე 10 ქულაა.

ამავე ჯგუფში სლოვენიის ნაკრებმა მასპინძელი იაპონია 116:81 გაანადგურა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ლუკა დონჩინჩმა მორიგი დიდებული თამაში ჩაატარა და საკუთარ გუნდს 25 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი შესძინა. გამორჩეული იყო ზორან დრაგიჩიც - 24 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი.

პაუ გასოლი ორმაგ დუბლთან ახლოს იყო

ესპანეთს და სლოვენიას ორ-ორი გამარჯვება აქვთ და 1 აგვისტოს ერთმანეთს პირველი ადგილისთვის დაუპირისპირდებიან, ხოლო არგენტინა იაპონიას შეხვდება. სწორედ ამ მატჩში გაირკვევა მესამეადგილოსნის ბედი, რაც შესაძლოა პლეი ოფის საგზურის მომტანიც აღმოჩნდეს (3 მესამედგილოსნიდან მომდევნო ეტაპზე 2 გავა).

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე პლეი ოფის საგზური ესპანეთისა და სლოვენიის ნაკრებების გარდა, ავსტრალიამ და საფრანგეთმაც მოიპოვეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები