Thumbnail

29 ივლისი წარუმატებელი დღე გამოდგა ტოკიოში ქართული დელეგაციისთვის, რადგან ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი და წონის ფავორიტი ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ.) ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა. 32 წლის სპორტსმენმა სტარტზე ორ გამარჯვებას ორი დასანანი მარცხი მოაყოლა.

ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

ლიპარტელიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს შეხვდა და გამარჯვება მეტოქის სამი გაფრთხილებით მოახერხა.

მეორე წრეში 32 წლის ძიუდოისტი კანადელ შადი ელნაჰასს დაუპირისპირდა. ვარლამმა მასთან შეხვედრა აქტიურად დაიწყო, ილეთის მცდელობა თავიდანვე ჰქონდა, სასურველ შედეგს კი მე-3 წუთის დასაწყისში მიაღწია, როცა ელნაჰასს ვაზარი აართვა და დაწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე კი მე-2 ვაზარი მიითვალა, რაც ავტომატურად იპონში გადიაზარდა და ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში გავიდა.


ლიპარტელიანი ნახევარფინალში იაპონელ აარონ ვოლფთან დამარცხდა. იაპონელმა ძირითადი დროის ამოწურვამდე წუთით ადრე ვაზარი აიღო, რამაც დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. დარჩენილ დროში ვარლამმა ვეღარ მოახერხა სიტუაციის გამოსწორება.


32 წლის ძიუდოისტი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუს ნიიაზ ილიასოვთან დამარცხდა და საქართველოს მე-4 მედალი ვერ მოუტანა. ილიასოვმა შეხვედრის მიწურულს მოახერხა ვაზარის მოპოვება და დარჩენილ მცირე დროში ლიპარტელიანმა სცადა ვითარების გამოსწორება, მეტოქე ორჯერაც გააფრთხილეს, მაგრამ ქართველ ძიუდოისტს დრო აღარ ეყო და ტოკიოს ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა. ვარლამმა 2016 წელს რიოში, ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამჯერად კი კვარცხლბეკზე ასვლა ვერ შეძლო.

სამწუხაროდ, დღის დასრულების შემდეგ ნაკრების კაპიტანმა განაცხადა, რომ სპორტიდან მიდის. 

არის ფინალის შანსი

ნინო სალუქვაძე 25 მეტრიდან სპორტული იარაღით სროლაში ასპარეზობს და ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს. 

ნინო სალუქვაძე მე-7 პოზიციაზეა

მსროლელებმა სამი სერია 10-10 გასროლით გაიარეს, სალუქვაძეს ასეთი შედეგი აქვს: 94, 98, 99. ჯამურად – 291, რაც ამ დროისთვის მე-7 შედეგი აღმოჩნდა. თუმცა, ჯერ კვალიფიკაცია არ დასრულებულა. 30 ივლისს მსროლელებს სამი სერია უკვე სწრაფ სროლებში ექნებათ, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა ფინალში გამსვლელთა ვინაობა (8 სპორტსმენი). ფინალი ტოკიოს სასროლეთზე 30 ივლისს გაიმართება.

სალუქვაძე მე-9 ოლიმპიადაზე ასპარეზობს, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ის ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია. ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი უკვე 2008 წელს, პეკინში, საქართველოს სახელით დაისაკუთრა.

29 ივლისის ყველა ოლიმპიური მედალი

ხუთშაბათს ტოკიოში სპორტის 8 სახეობაში ჯამში მედლების 17 კომპლექტი გათამაშდა.

ტანვარჯიში (ქალები)

1. სუნისა ლი (აშშ), 2. რებეკა ანდრადე (ბრაზილია), 3. ანგელინა მელნიკოვა (როკ) 

კანოე სლალომი (ქალები კანოე)

1. ჯესიკა ფოქსი (ავსტრალია), 2. მალორი ფრენკლინი (დიდი ბრიტანეთი), 3. ანდრეა ჰერცოგი (გერმანია)

ფარიკაობა (ქალები დაშნა)

1. როკ, 2. საფრანგეთი, 3. იტალია 

ძიუდო (ქალები 78 კგ)

1. შორი ჰამადა (იაპონია), 2. მადლენ მალონგა (საფრანგეთი), 3. ანა-მარია ვაგნერი (გერმანია), 3. მაირა აგუიარი (ბრაზილია)

ძიუდო (ვაჟები 100 კგ)

1. აარონ ვოლფი (იაპონია), 2. გუჰამ ჩო (სამხრეთ კორეა), 3. ნიაზ ილიასოვი (როკ), 3. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია)

ნიჩბოსნობა (ქალები წყვილები)

1. ახალი ზელანდია, 2. როკ, 3. კანადა 

ნიჩბოსნობა (ვაჟები წყვილები)

1. ხორვატია, 2. რუმინეთი, 3. დანია 

ნიჩბოსნობა (ქალები მსუბუქი ორეულები)

1. იტალია, 2. საფრანგეთი, 3. ნიდერლანდები

ნიჩბოსნობა (ვაჟები მსუბუქი ორეულები)

1. ირლანდია, 2. გერმანია, 3. იტალია

სროლა (ქალები სასტენდო)

1. ჟუჟანა რეჰაკი (სლოვაკეთი), 2. კაილ ბროუნინგი (აშშ), 3. ალესანდრა პირელი (სან მარინო)

სროლა (ვაჟები სასტენდო)

1. ირჟი ლიპტაკი (ჩეხეთი), 2. დავიდ კოსტელეცკი (ჩეხეთი), 3. ჯონ კოვარდი (დიდი ბრიტანეთი)

ცურვა (ქალები 200 მ. ბატერფლაი)

1. იუფეი ჟანგი (ჩინეთი), 2. რეგან სმითი (აშშ), 3. ჰალი ფლიკინგერი (აშშ)

ცურვა (ქალები 4x200 მ. თავისუფალი)

1. ჩინეთი, 2. აშშ, 3. ავსტრალია

ცურვა (ვაჟები 100 მ. თავისუფალი)

1. კალებ დრესელი (აშშ), 2. კაილ ჩალმერსი (ავსტრალია), 3. კლიმენტ კოლესნიკოვი (როკ)

ცურვა (ვაჟები 800 მ. თავისუფალი)

1. რობერტ ფინკე (აშშ), 2. გრეგორიო პალტრინერი (იტალია), 3. მიხაილო რომანჩუკი (უკრაინა)

ცურვა (ვაჟები 200 მ. ბრასი)

1. აიზეკ სტაბლეტი-კუკი (ავსტრალია), 2. არნო კამინგა (ნიდერლანდები), 3. მატი მატსონი (ფინეთი)

მაგიდის ჩოგბურთი (ქალები ერთეულები)

1. მენ ჩენი (ჩინეთი), 2. ინგშა სუნი (ჩინეთი), 3. მიმა იტო (იაპონია).

კომენტარები

ბოლო ამბები