Thumbnail

28 წლის ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზე (3 პოზიციით დაწინაურდა) გადავიდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა ამ წარმატებას იმის წყალობით მიაღწია, რომ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მე-4 ადგილი დაიკავა.

ბაზაძემ განახლებულ კლასიფიკაციაში 54 ქულა შეიმატა, ჯამში 177 ქულა მოუგროვდა და მხოლოდ უნგრელ არონ სილაგის (263), სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰს (231), ამერიკელ ელი დერშვიცსა (186) და იტალიელ ლუიჯი სამელეს (180) ჩამორჩება. სილაგიმ მსოფლიოს რეიტინგში ლიდერობა სწორედ ოლიმპიადაზე გამარჯვების (ზედიზედ მესამე) წყალობით მოიპოვა, ფინალს კი, მისი და ბაზაძის სკანდალური ნახევარფინალი უძღოდა.

შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ ოლიმპიადის სტარტზე ზედიზედ ორ ეგვიპტელ სპორტმენს აჯობა, მეოთხედფინალში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ოჰ სანგუკი დაამარცხა, მთავარი ამბები კი ნახევარფინალში გადახდა: უკვე ლეგენდარულ სილაგისთან შეხვედრას ეგვიპტელი არბიტრი სჯიდა, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. არაფერი იყო საეჭვო მაშინ, როცა ანგარიში 13:13 გახლდათ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად სანდროს მოპოვებული ქულა სილაგის მიანიჭეს, რამაც ქართველი სპორტსმენი გატეხა. მან უნგრელთან 13:15 წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის კი სამხრეთკორეელ კიმ ჟუნგვანთან 11:15 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები