Thumbnail

საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ტოკიოს თამაშებზე ისევ 3 მედალი აქვს...

ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა. 32 წლის ძიუდოისტი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუს ნიიაზ ილიასოვთან დამარცხდა და საქართველოს მე-4 მედალი ვერ მოუტანა.

ლიპარტელიანმა გადამწყვეტი ბრძოლა ილიასოვთან დათმო
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

ილიასოვმა შეხვედრის მიწურულს მოახერხა ვაზარის მოპოვება და დარჩენილ მცირე დროში ლიპარტელიანმა სცადა ვითარების გამოსწორება, მეტოქე ორჯერაც გააფრთხილეს, მაგრამ ქართველ ძიუდოისტს დრო აღარ ეყო და ტოკიოს ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა. ვარლამმა 2016 წელს რიოში, ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამჯერად კი კვარცხლბეკზე ასვლა ვერ შეძლო.


ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიპარტელიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს შეხვდა და გამარჯვება მეტოქის სამი გაფრთხილებით მოახერხა. მეორე წრეში 32 წლის ძიუდოისტი კანადელ შადი ელნაჰასს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ ორი ვაზარი მოიპოვა, რაც ავტომატურად იპონად იქცა და გამარჯვება საკმაოდ იოლად მოიპოვა, ნახევარფინალში კი იაპონელ აარონ ვოლფთან ვაზარით დამარცხდა და ფინალში ვერ გავიდა.

კაპიტანი ნახევარფინალში იაპონელ აარონ ვოლფთან დამარცხდა
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას 3 მედალი (1 ოქრო და 2 ვერცხლი) აქვს მოპოვებული. სამივე ძიუდოისტების აქტივშია - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, ხოლო ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 30 ივლისს მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი იასპარეზებს და ის ბოლო ქართველი ძიუდოისტი იქნება, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები