Thumbnail

შენგელია ბოავიშტაში - ქართველმა ფეხბურთელმა პაულინიო უნდა შეცვალოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან შენგელია პორტუგალიურ კლუბში 2024 წლამდე ითამაშებს
  • ბოლოს ის თურქულ კონიასპორში ირიცხებოდა, სადაც 7 გოლი გაიტანა 

საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი ლევან შენგელია კარიერას პორტუგალიურ ბოავიშტაში გააგრძელებს. Record-ის ცნობით, ქართველი შემტევი ნახევარმცველი პორტოს წარმომადგენელ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და იქ 2024 წლამდე ითამაშებს.

როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, შენგელიამ 24 წლის ბრაზილიელი პაულინიო უნდა შეცვალოს, რომელმაც ბოავიშტაში 2 სეზონი გაატარა, ორიოდ დღის წინ კი, კონტრაქტზე საუდის არაბეთის წარმომადგენელ ალ შაბაბს შეუთანხმდა.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას პირველი უცხოური კლუბი ბელგიური ტუბიცე (2015-18) იყო, 2017 წელს ის სამხრეთკორეულ დაეიეონ სიტიზენში იყო განათხოვრებული, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და დინამო თბილისში ჩაირიცხა.

ლევანმა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 2019 წლის სექტემბერში დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით კონიასპორში გადავიდა. სულ თურქეთში გატარებულ ორ სეზონში ყველა, შეჯიბრში ერთად აღებული, შენგელიამ 7 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა. 25 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 8-ჯერ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები