Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველი ტულის არსენალზე განაწყენებულია
  • ფეხბურთელი არ ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოზე უკეთესი ნაკრები ჰყავს
  • გია გრიგალავა კვარაცხელიას რუსეთისდან სასწრაფოდ წასვლას ურჩევს 

საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა უკლუბოდაა. 31 წლის ფეხბურთელს, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული, ტულის არსენალთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ ამოეწურა და ამჟამად კლუბის ძიებაშია.

გიამ რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ არსენალთან ხელშეკრულების გახანაგრძლივებას იმედოვნებდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.

"არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. როგორც ჩანს, გუნდს არ შევეფერები. ამის შესახებ ხელმძღვანელებს უნდა ჰკითხოთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელშეკრულებას გამიხანგრძლივებდნენ და კლუბში დავრჩებოდი. ამის შესახებ წინასწარი საუბარი და მინიშნებები იყო. სეზონის მიმდინარეობისას ხელმძღვანელობასთანაც ვისაუბრე და მაშინ მითხრეს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი გაგრძელდებოდა. სეზონი მორჩა, წავედით შვებულებაში და აქამდე არავინ დამკავშირებია. ვისზე უნდა ვიყო განაწყენებული? სიმართლე გითხრათ, ფეხბურთში ისეთები ხდება, არაფერი მაკვირვებს. მშვიდად ვარ, დანარჩენი კი მათ სინდისზე იყოს".

ტულის არსენალმა ქართველ ფეხბურთელს იმედი გაუცრუა

როგორც ირკვევა, გრიგალავა ფორმის შენარჩუნებაზე რუსეთის დედაქალაქში ზრუნავს, აქვს ვარიანტებიც, თუმცა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.

"მოსკოვში ვარ, ტორპედოსთან ერთად ვვარჯიშობ და ვინარჩუნებ ფორმას. კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდთან ერთად ვარჯიშის ნება დამრთო, ოღონდ მასთან რაიმე სახის შეთანხმება არ მაქვს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. უკვე იმდენ კლუბთან მქონდა საუბარი, რომ აღარც კი მახსოვს მათი სახელები. რამდენიმესთან მოლაპარაკება ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ვერ დავასახელებ".

გრიგალავას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩი აქვს ჩატარებული. 

გიას კორესპონდენტმა შეკითხვა საქართველოს ნაკრების შესახებაც დაუსვა, რომელიც მისი თქმით, "გასაგებია, რომ რუსეთის ნაკრებზე სუსტია".

"მომისმინე, ვერ ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოს ნაკრები სუსტია. ბოლო დროს საქართველოს ნაკრებმა ძალიან მოუმატა თამაშს და კიდევ უფრო უკეთესი ხდება. ეს ეხება არამხოლოდ მთავარ გუნდს, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც".

გრიგალავამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. გამოცდილი ფეხბურთელი რუბინის ახალგაზრდა ვარსკვლავს ღიად ურჩევს, სასწრაფოდ დატოვოს რუსეთი და ევროპაში გადაბარგდეს. 

"მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩემთვის რჩევა არ უკითხავს და თუკი მკითხავს, ჩემს აზრს გავუზიარებ. უკეთესი იქნება, თუ ახლავე წავა. რაც უფრო სწრაფად გააკეთებს ამას, მით უკეთესი. ის სრულებით მზადაა ევროპისთვის". 

ხვიჩას მიმართ ევროპაში ინტერესი არსებობს, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია

გრიგალავას რუსეთში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, საბა კვერკველიას მდგომაროებაც აკვირვებს, რომელიც ასევე უკლუბოდაა.

"სიმართლე გითხრათ, აქამდე ვერ დამიჯერებია ის, რაც საბას თავს ხდება. ვერ ვხვდები, მისი კარიერა ასე რატომ აეწყო. არადა, ყველაფერი კარგად იყო. მჯერა, რომ ის ახალ კლუბს მოძებნის… რა თქმა უნდა, მოძებნის! მასზე ასჯერ უარესი ფეხბურთელები პოულობენ და საბა ვერ იპოვის?"

ქუთაისში დაბადებულ ფეხბურთელს კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული და ორმაგ მოქალაქეობასაც ფლობს. გრიგალავას, ტულის არსენალის გარდა, სადაც 2017 წლის იანვრიდან გამოდიოდა, როსტოვში, სკა-ში, მოსკვაში, ვოლგაში, კრილია სოვეტოვსა და ანჟიშიც უთამაშია, რუსეთის საზღვრებ გარეთ კი კვიპროსულ კლუბებში: პაფოსსა და ეთნიკოსში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები