Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში ვაჟთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა დაიწყო, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობს. ნაკრების კაპიტანმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალშია!

ლიპარტელიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს შეხვდა და გამარჯვება მეტოქის სამი გაფრთხილებით მოახერხა.


მეორე წრეში 32 წლის ძიუდოისტი კანადელ შადი ელნაჰასს დაუპირისპირდა, რომელმაც მანამდე ივან რემარენსო და ზელიმ კოცოიევი დაამარცხა. ვარლამმა მასთან შეხვედრა აქტიურად დაიწყო, ილეთის მცდელობა თავიდანვე ჰქონდა, სასურველ შედეგს კი მე-3 წუთის დასაწყისში მიაღწია, როცა ელნაჰასს ვაზარი აართვა და დაწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე კი მე-2 ვაზარი მიითვალა, რაც ავტომატურად იპონში გადიაზარდა და ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში გავიდა!


ფინალის საგზურისთვის ვარლამ ლიპარტელიანი იაპონელ აარონ ვოლფს დაუპირისპირდება. ძიუდოში ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 12:00 საათიდან აიღებს და ქართველი ძიუდოისტის ბრძოლა განრიგით მე-8 იქნება. მანამდე გაიმართება ქალთა შორის რეპეშაჟისა და ნახევარფინალის 4 შეხვედრა და ვაჟთა შორის რეპეშაჟს ორი და ერთი ნახევარფინალური დაპირისპირება.

📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას 3 მედალი (1 ოქრო და 2 ვერცხლი) აქვს მოპოვებული. სამივე ძიუდოისტების აქტივშია - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, ხოლო ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები