Thumbnail

'სრული კონცენტრაცია გვჭირდება' - გია გეგუჩაძე საპასუხო მატჩის წინ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და მეკარე ლაზარე კუპატაძემ ბორისოვოში ბატე-სთან გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრეს. 

კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა საქართველოს ვიცე-ჩემპიონსა და ბელარუსული კლუბს შორის 29 ივლისს გაიმართება. მატჩი ბორისოვოში თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ბათუმში ბატე-მ მინიმალური ანგარიშით (1:0) მოიგო. 

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)

"რა თქმა უნდა, პირველი მატჩის ანალიზი გაკეთდა. ფეხბურთელებს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და მოვისმინეთ მათიც, რადგან უშუალოდ მათ მოუხდათ მოედანზე მოქმედება. ბევრ რამეზე წინასწარ შევთანხმდით და უპირველესი ის არის, რომ ხვალინდელ შეხვედრაში 90 წუთის განმავლობაში სრული კონცენტრაცია გვჭირდება, რათა ჩვენთვის სასურველი შედეგი მივიღოთ.

ვერ ვიტყვი, რომ მეტოქეს პირველ მატჩში ფიზიკური მოზმადებით, მოედანზე მოძრაობის კუთხით ჩამოვრჩებოდით. უბრალოდ, ბატე უფრო მეტად ათლეტიკური გუნდია, რომელსაც ტანმაღალი და სრული ფეხბურთელები ჰყავს და ეს არის მათი უპირატესობა. 

ორი განსხვავებული გუნდი ვართ - ბატე და ჩვენ. რა თქმა უნდა, ბატე შეეცდება, თამაში მათი კარნახით წარიმართოს, ჩვენ კი უნდა შევეცადოთ, ჩვენი თამაში ვიპოვოთ და თუკი ამას ორი ტაიმის განმავლობაში მოვახერხებთ, მით უფრო ახლოს ვიქნებით სასურველ შედეგთან". 

ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმის მეკარე)

"პირველ მატჩში დასანანი გოლი გავუშვით. სამწუხაროდ, კონტრიერიში გამოგვეპარა. ნათლად ჩანდა, რომ ბატე-ს უპირატესობა ათლეტიზმში ჰქონდა. გავაანალიზეთ პირველი მატჩი. ყურადღება შეცდომებზე გავამახვილეთ, რომლებიც აღარ უნდა გავიმეოროთ. იმედი მაქვს, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ და შემდგომ ეტაპზე გავალთ".

დინამო ბათუმისა და ბორისოვოს ბატე-ს წყვილში, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პეტროკუბსა (მოლდოვა) და სივასპორს (თურქეთი) შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები