Thumbnail

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის სპორტსმენმა ივნისში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მხრის ტრავმა მიიღო და მისი ტოკიოში ასპარეზობაც საეჭვო იყო, მაგრამ გუნდის სამედიცინო შტაბმა, ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღავნელობით, ძალზე მოკლე დროში მოასწრო ლაშას გამოჯანმრთელება და თამაშებისთვის მწყობრში ჩაყენება.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ლაშა ბექაურის წარმატებაში ექიმებისა და მწვრთნელების წვლილზე ისაუბრა: 

"ბედნიერი ვარ, ვულოცავ მთელ საქართველოს, მის ოჯახს. მინდა ცალკე მივულოცო ჩემს ექიმებს. ერთად დავწერეთ პროგრამა, რომლისაც გვჯეროდა. 3 კვირაში ადამიანი შეიძლება მოარჩინო ერთად ყოფნით, გვერდით დგომით. დიდი მადლობა ჩემს ექიმებს, გიორგი ლომიძეს, დავით ასკურავას, ლექსო გულიაშვილს, რომელიც პირადი მწვრთნელია და ყველაფერს აკეთებდა, არაფერი ეთაკილებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა ამ ყველაფერში. ლაშა გუჯეჯიანისა და სხვა მწვრთნელების თვალებში დავინახე, რომ თუ ერთად ვიქნებოდით, გამარჯვება შეგვეძლო. დღევანდელი გამარჯვება არის მაგალითი იმისა, რომ ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს, თუ ერთად ვიქნებით", - თქვა კახაბრიშვილმა.

ლაშა ბექაურმა ოლიმპიადის ფინალურ ორთაბრძოლაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა, მანამდე კი, პოლონელ პიოტრ კუჩერას, ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს, უზბეკ დავლატ ბობონოვსა და რუს მიხაილ იგოლნიკოვს მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები