Thumbnail

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90 კგ.), რომელმაც დღეს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, პირველი კომენტარი გააკეთა. 21 წლის ტრიუმფატორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმ ზურაბ კახაბრიშვილს, რომლის დამსახურებითაც ტრავმის რეკორდულად მოშუშება და ტოკიოს თამაშებისთვის სრულფასოვნად მომზადება მოახერხა.

“ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია, რადგანაც 1 თვის წინ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხრის ტრავმა მივიღე და ოლიმპიდაზე გამოსვლა საეჭვო გახდა. მისი დამსახურებით, ტურნირს ჩინებულ კონდიციებში შევხვდი და ჩემი საუკეთესო ძიუდო ვაჩვენე. ახლა, ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ცხოვრება მშვენიერია. ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივარს. მინდა, მივულოცო მთლიანად საქართველოს, ვიცი, რომ ჩემი ხალხი და ჩემი სამშობლო ძალიან ბედნიერია. ბოლომდე ვიბრძოლე სამშობლოსთვის და ეს შრომა დამიფასდა, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი და ეს დიდი ოცნება ავიხდინე. ძიუდოს მთლიან გუნდს, ექიმებს დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ მთელი საქართველო. დიდი მადლობა ჩემს არხილოსკალოს, მთლიანად ჩემს ქედებს და გუდამაყარს".

ლაშა ბექაურის გამარჯვების შემდეგ კომენტარი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გააკეთეს.

ლერი ხაბელოვი (სეოკ-ის პრეზიდენტი): "მინდა, ლაშა ბექაურს გამარჯვება მივულოცო. ამას უკვე ველოდებოდით, მესამე ფინალისტი იყო და დაამტკიცა გამოთქმა მესამე და სამართალი. ეს იყო დიდი წარმატება. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დღეს და სპორტსმენებს წარმატებებს ვუსურვებ, გამარჯვებებით გვევლოს".

ელგუჯა ბერიშვილი (სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ძნელია უემოციოდ ილაპარაკო იმაზე, რაც დღეს მოხდა ამ ლეგენდარულ დარბაზში, სადაც ბევრი დიდი ჩემპიონი გამხდარა და დღეს კიდევ ერთი, ქართველი შეემატა. ვულოცავ ლაშას და ჩვენს მთელ ქვეყანას, ეს წარმატება ყოფილიყოს საწინდარი მომავალი წარმატებების, რომლებიც იმედი მაქვს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წინ გველოდება".

დავით ქევხიშვილი (ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): "მართლაც უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩემს სპორტულ კარიერაში თუ რამისთვის არ მიმიღწევია და დამაკლდა, ამ პატარა ვაჟკაცმა, რომელიც ცარიელი სული და გულია, შემივსო. ცოტა უფრო სხვა კუთხით მინდა, რომ ზოგადად ერმა ეს წარმატება დავინახოთ, არა მარტო ლაშასი, არამედ სხვა ბიჭების, რომლებმაც ძალიან კარგად დაიწყეს ასპარეზობა. ოლიმპიადა აჩვენებს ერის ძლიერ მხარეებს და ნაკლოვანებებს, დღეს ჩანს, რომ ჩვენ ძლიერი ერი ვართ. მინდა, რომ ეს წარმატება სტიმული იყოს სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებისთვის, იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით, ერთმანეთის პატივისცემითა და პროფესიონალიზმით ქართველები ძალიან ბევრს მივაღწევთ".

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მან გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა, მანამდე კი, პოლონელ პიოტრ კუჩერას, ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს, უზბეკ დავლატ ბობონოვსა და რუს მიხაილ იგოლნიკოვს მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები