Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მცველი ჯერჯერობით ისევ უკლუბოდაა
  • 29 წლის ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ უგუნდოდ არ დარჩება
  • რას შეცვლიდა საბა, სამი წლით უკან დაბრუნება რომ შეეძლოს  

საბა კვერკველა ჯერჯერობით ისევ უკლუბოდაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის ცენტრალური მცველს მოსკოვის ლოკომოტივთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურა და გუნდის ძიებაშია. 

ახლახან საბამ რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ქომაგისთვის საინტერესო თემებსაც შეეხო.

"საქართველოში, ოჯახთან ერთად ვიმყოფები. ყოველდრიურად ვვარჯიშობ, ფორმას ვინარჩუნებ, მაგრამ ჯერჯერობით უგუნდოდ ვარ. საკითხის გარკვევას ველოდები. არის ვარიანტები, მაგრამ ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ხომ იცით, უგუნდოდ არ დავრჩები. ადრე თუ გვიან წავალ. უბრალოდ, მსურს უკეთესი ვარიანტი შევარჩიო. დავრჩები თუ არა რუსეთში? მალე ყველაფერს ნახავთ. წინასწარ არ ვიტყვი, ვაითუ არ ახდეს".

საბა კვერკველიას მთელი კარიერა რუსეთში აქვს გატარებული

როგორც ჩანს, საბა ნანობს, რომ სამი წლის წინ რუსეთის დატოვებისა და ლესტერში გადასვლის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა: 

"იმ დროში რომ დამაბრუნა, ავიღებდი ფურცელს, მოვაწერდი ხელს და წავიდოდი. მაგრამ მაშინ სხვაგვარად გადავწყვიტე - ლოკომოტივში დავრჩი".

კვერკველია, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ვოლგოგრადის როტორში გაატარა და საუკეთესო სეზონი ნამდვილად არ ჰქონია, ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მიიწვია და რუმინეთთან (2:1) ათამაშა. საბამ ნაკრებში არცთუ დიდი ხნის წინ მოსული ფრანგი სპეციალისტი დადებითად დაახასიათა:

"ძალიან კარგი ადამიანია და მასთან მუშაობა სასიამოვნოა. ჩანს, რომ უმაღლეს დონეზე უთამაშია და უმუშავია. მან გუნდში ბრწყინვალე ატმოსფერო შექმნა. ასეთი მწვრთნელის ხელში მოედანზე გასვლა გიხარია".

საბა ფორმის შენარჩუნებაზე სამშობლოში ზრუნავს

გამოცდილი მცველი ამ ზაფხულს გამართული ევროპის ჩემპიონატის შედეგით კმაყოფილია, რომელშიც გამარჯვება მისმა საყვარელმა იტალიის ნაკრებმა იზეიმა:

"ცნობილია, რომ იტალიის და იუვენტუსის ქომაგი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ჩემმა საყვარელმა გუნდმა გაიმარჯვა და თან, დამსახურებულად. ყველაზე მეტად ბონუჩი და კიელინი მომეწონა, რომლებმაც ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს".

 

კომენტარები

ბოლო ამბები