Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 4:6, 6:7 (5:7) ალექსანდერ ზვერევი
  • 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეორე ოლიმპიადაზე ითამაშა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (41) ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადის მესამე წრეში შეხვედრა მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან,  24 წლის გერმანელ ალექსანდერ ზვერევთან გამართა და ორ სეტში დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი და ზვერევი ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ. წინა 4 დაპირისპირებიდან 29 წლის ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული.

ტოკიოს "არიაკე ტენის პარკის" კორტზე გამართულ პირველი სეტში ბასილაშვილი სულ მდევრის როლში იყო. აღსანიშნავია, რომ გერმანელი ჩოგბურთელი უნაკლო იყო საკუთარ მოწოდებაზე და ქულაც არ წაუგია. 4:5-ზე ნიკამ საკუთარი მოწოდება დათმო და სეტი ზვერევის გამარჯვებით დასრულდა.

თამაში მეორე სეტშიც იმავე სცენარით გაგრძელდა, 3:4-ზე კი ნიკამ საკუთარი მოწოდება დათმო და განწირული ჩანდა, მაგრამ მე-9 გეიმში ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. ზვერევს სამჯერ ჰქონდა მატჩ-პოინტი, მაგრამ ქართველმა ჩოგბურთელმა სამივე ჯერზე შეძლო თავის დაცვა და საბოლოოდ დაბრეიკებაც მოახერხა. ამის შემდეგ ნიკამ საკუთარი მოწოდება მოიგო, შემდეგ კი საქმე ტაი-ბრეიკამდეც მიიყვანა. სამწუხაროდ, აქ გერმანელი უკეთესი იყო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც, რომელიც 1/4-ფინალში ჟერომ შარდისა (68-ე ჩოგანი) და ლიამ ბროუდის (143) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოში გამოსვლა ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენასთან მოგებით (6:3, 6:2) დაიწყო, მეორე წრეში კი იტალიელ ლორენცო სონეგოს (6:4, 3:6, 6:4) აჯობა. 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა მონაწილეობა 2016 წელს ბრაზილიის ქალაქ რიოში გამართულ ოლიმპიადაშიც მიიღო, თუმცა, იქ პირველივე წრეში მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასთან 3:6, 7:6 (8:6), 3:6 დამარცხდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები