Thumbnail

'ამ სეზონში მეცის შეტევის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება' - ფრანგები მიქაუტაძეზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ლიგა 1-ის მეცი ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, 28 ივლისს გიორგი მიქაუტაძის გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს, მეტოქე ფრანგული ტრუაა (შეხვედრა თბილისის დროით 19:30-ზე დაიწყება). score.fr-ის ინფორმაციით, 20 წლის ქართველ ფორვარდს კვლავ სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ. მესი კვლავ იბრაიმა ნიანისა და გიორგის ტანდემით შეუტევს. სხვათა შორის, ეს გუნდები ერთმანეთს ლიგა 1-ში 12 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.

მეცმა უკვე სამი ამხანაგური მატჩი გამართა: ნანსის 3:2 მოუგო (მიქაუტაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და გოლი გაიტანა), სერენს 1:1 დაუზავდა (მე-2 ტაიმი ითამაშა) და გლადბახთან 0:1 დამარცხდა (პირველი ტაიმი ითამაშა). ტრუასთან მატჩის შემდეგ, მეცი 31 ივლისს ბოლო ამხანაგურ მატჩს გამართავს, მეტოქე მონპელიეა. 

📺 მიქაუტაძის გოლი ნანსის კარში

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის საკითხი საბოლოოდ სეზონის წინ გადაწყდება, შესაძლოა, მას ლიგა 1-ში თამაშის შანსი მიეცეს, თუმცა არც იჯარით გაშვებაა გამორიცხული. სწორედ ამის იმედი აქვთ სერენშიც, კლუბში, სადაც გიორგიმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა - ლიგის ბომბარდირი გახდა და სერენი ლამის ერთპიროვნულად გადაიყვანა ელიტაში. მის გარეშე სერენი პირველ ტურში დამარცხდა. ასე რომ, ბელგიურ კლუბში ჯერ კიდევ არ კარგავენ იმედს, რომ ქართველ ლიდერს დაიბრუნებენ. მოკლედ, გიორგის ლიგა 1 თუ არა ჟუპილერ ლიგა გარანტირებული აქვს. 

მეცში თავი უნდა გამოიჩინოს, რომ ლიგა 1-ში ითამაშოს

თუმცა ბელგიელთა იმედები გადაჭარბებული გვგონია. აი, რას წერს მეცის ერთ-ერთი ფანკლუბი ტვიტერზე: "გასულ სეზონში მძიმედ ტრავმირებული იბრაიმა ნიანი შეეცდება ამ სეზონში აინაზღაუროს გაცდენილი. მეცის ფორვარდმა უკვე აჩვენა, რომ მზადაა, გაიბრწყინოს ლიგა 1-ში. გასულ სეზონში სერენში გამორჩეული მიქაუტაძე კი კარგად გამოიყურება მეცის შეკრებაზე, ის ახალ სეზონში კლუბის მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება შეტევაში". 

შეგახსენებთ, რომ მეცი ლიგა 1-ს 8 აგვისტოს ჩემპიონ ლილთან მატჩით იწყებს. გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 1 მატჩი აქვს გამართული. გაზაფხულზე მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და რუმინეთის კარში თავისი პირველი სანაკრებო გოლიც გაიტანა. "ტრანსფერმარკტი" ქართველ ფორვარდს 1.2 მილიონ ევროდ აფასებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები