Thumbnail

PREVIEW | დინამო ბათუმის რთული, მაგრამ შესრულებადი მისია ბელარუსში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დინამო ბათუმი უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვოში ბატე-ს დაუპირისპირდება, რომელთანაც ერთი კვირის წინ შინ 0:1 წააგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არ დაუკარგავს.

ბათუმელები წინა შეხვედრაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და გადაჭრით იმის თქმა, რომ მეტოქემ მოგება დაიმსახურა, ძნელია. ფაქტია, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა - ბატე დაუმარცხებელი გუნდი რომ არ არის, ბელარუსის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც დამტკიცდა, როცა შინ დინამო ბრესტთან 0:2 წააგო. გია გეგუჩაძის გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს და უნდა ეცადოს, თავისი ფეხბურთი ითამაშოს. აღსანიშნავია, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი უკვე აღარ მოქმედებს. შესაბამისად, მომავალ დაპირისპირებაზე გარკვეულ გავლენას ესეც მოახდენს.

ბელარუსული გუნდი ცოტა ხნის წინ საუკეთესო ბომბარდირმა მაქსიმ სკავიშმა დატოვა, რომელიც შახტიორში გადავიდა. მას ბელარუსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში 9 გოლი ჰქონდა გატანილი. გარდა ამისა, ტრავმირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა - სტანისლავ დრაგუნი, თუმცა მას მაისის შემდეგ არ უთამაშია და ბატე მის გარეშე თამაშს ასე თუ ისე მიჩვეულია.

როგორც ვთქვით, ბატე ბათუმში გამარჯვების შემდეგ ბელარუსის ჩემპიონატში დინამო ბრესტთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა (0:2) და მე-2 ადგილზეა, მხოლოდ ქულით ჩამორჩება სოლიგარსკის შახტიორს, მაგრამ 3 მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული. დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონატში ლიდერია და დინამო თბილისს 2 ქულით უსწრებს, თუმცა ეროვნულ ლიგაში ამჟამად პაუზაა გამოცხადებული.

დინამო ბათუმს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად მოგება სჭირდება

ბატე ევროტურნირებზე ძალიან გამოცდილი გუნდია - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად 2008/09 წლების სეზონში გავიდა და მას მერე იგივე კიდევ ოთხჯერ გააკეთა. გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ისეთი გუნდებიც ჰყავს დამარცხებული, როგორებიც მიუნხენის ბაიერნი, ლილი, ბილბაო და რომაა, ხოლო იუვენტუსთან ორჯერ ფრედ ითამაშა. ჩემპიონთა ლიგის გარდა, ბატე-მ ევროპალიგის ჯგუფში ოთხჯერ ითამაშა, მათ შორის, ბოლოს 2018/19 წლების სეზონში.

ბატე-ს ქართული კლუბების წინააღმდეგ ევროთასებზე სამჯერ უთამაშია. პირველად ეს 2001/02 წლების სეზონში, უეფას თასის პრესაკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა და დინამო თბილისს ორი მატჩის ჯამში 5:2 აჯობა (1:2, 4:0). მეორედ 2004/05 წლების სეზონში, უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისევ დინამო თბილისთან და ამჯერად დამარცხდა. ბელარუსში მასპინძლები მე-19 წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ და აღსანიშნავია ირაკლი ზოიძის კარში კურიოზული გოლი, რომელიც ბატე-ს მეკარემ საკუთარი საჯარიმოდან დარტყმით გაიტანა, მაგრამ თბილისელებმა შოკიდან გამოსვლა მოახერხეს და ის თამაში 3:2 მოიგეს, ხოლო თბილისში, საპასუხო შეხვედრაც დინამომ მოიგო (1:0). მაშინ თბილისელებს სწორედ გეგუჩაძე წვრთნიდათ და ჯგუფურ ეტაპზეც გასვლა მოახერხეს. ბატე-ს გზა ქართულ კლუბთან მესამედ 2005/06 წლების სეზონში, ისევ უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა, ამჯერად ქუთაისის ტორპედოსთან და იოლად იმარჯვა - სტუმრად 1:0, შინ 5:0. დინამო ბათუმს ბატე-სთან და ზოგადად ბელარუსულ გუნდებთან ევროთასებზე თამაში პირველად ერთი კვირის წინ მოუწია.

საინტერესო ფაქტები

დინამო ბათუმის სტატისტიკა ევროსარბიელზე ასეთია: 20 მატჩი, 8 მოგება, 2 ფრე, 10 წაგება, 26 გატანილი და 29 მიღებული ბურთი.

დინამო ბათუმი ევროთასებზე როდესაც კარს მშრალად ინახავს, იმ მატჩს იგებს - ზღვისპირელებმა ევროტურნირებზე 8 თამაში მოიგეს ისტორიაში და ყველა შემთხვევაში კარი მშრალად შეინახეს.

გია გეგუჩაძე დღემდე ერთადერთი ქართველი მწვრთნელია, რომელსაც ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მუშაობის გამოცდილება აქვს. მან უეფას თასის ჯგუფში 2004/05 წლების სეზონში დინამო თბილისი გაიყვანა.

იმ სეზონში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გეგუჩაძის დინამო თბილისმა სწორედ ბატე დაამარცხა, თანაც ორივე შეხვედრაში (3:2 და 1:0).

დინამო ბათუმს ევროთასებზე ბოლო 13 მატჩი ფრედ არ უთამაშია (5 მოგება, 8 წაგება).

ბათუმელთა მიერ ევროთასებზე ჩატარებულ ბოლო 13 შეხვედრაში გოლის გატანას მხოლოდ ერთი გუნდი ახერხებდა. ბოლოს, როდესაც ორივე გუნდმა გაიტანა, მატჩი ფრედ დასრულდა (1996 წელს, პსვ ეინდჰოვენთან 1:1).

დინამო ბათუმის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ბატე-ს ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო ბათუმს ბატესთან წინა შეხვედრამდე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა (5 მოგება, 3 ფრე), მაგრამ ბელარუსებმა ეს სერია დაასრულეს. ხოლო ბატეს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია 25 ივლისს დინამო ბრესტთან დასრულდა (0:2).

⚽ ბატე-ს ევროთასებზე საკუთარ მოედანზე ბოლო 5 თამაში არ წაუგია (3 მოგება, 2 ფრე). შინ უკანასკნელად 2018/19 წლების სეზონში ჩელსისთან დამარცხდა.

ბატე-ს ევროთასებზე ბოლო ორი საგარეო თამაში წაგებული აქვს - ასტანასთან (0:3) და სოფიის ცსკა-სთან (0:2), ხოლო დინამო ბათუმმა ევროსარბიელზე წინა საგარეო თამაში ტრე პენესთან 4:0 მოიგო, მაგრამ მანამდე ევროთასებზე სტუმრად ზედიზედ 4 მარცხი ჰქონდა განცდილი.

სავარაუდო შემადგენლობები

ბატე (4-4-2): ჩიჩკანი - ვოლოდკო, ა. ფილიპოვიჩი, ი. ფილიპოვიჩი, ნეჩაევი - კარასევი, იაბლონსკი, უმაროვი, ნეხაიჩიკი - მილიჩი, სიგნევიჩი

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, მამუჩაშვილი - ჯიღაური, ალთუნაშვილი, ჯოვინო - ფანცულაია

კომენტარები

ბოლო ამბები