Thumbnail
  • მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერნეცია გამართა
  • ანდრეა ანიელიმ ჯორჯო კიელინის დარჩენა დაადასტურა

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ტურინულ გრანდში დაბრუნების შემდეგ პირველი განცხადებები გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ. თავიდან ჩემს განკარგულებაში მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. წარსულზე ლაპარაკი საკმარისია, დავიწყე ახალი ეტაპი ძალიან კარგ გუნდთან ერთად. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთაც შეუძლიათ განვითარება. მათ გვერდით ჰყავთ გამოცდილი ფეხბურთელები რონალდო, კიელინი და ბონუჩი, რაც დამატებითი ღირებულება უნდა იყოს. გამოცდილების და ტექნიკური თვისებების გარდა, ისინი სამაგალითოები უნდა იყვნენ. ჩვენ 5 შესანიშნავი წელი გავატარეთ ერთად. ორი წლის წინ გზების გაყოფა გადავწყვიტეთ. ახლა გვინდა, მარტამდე ისე მივიდეთ, რომ ჩვენი მიზნებისთვის ვთამაშობდეთ. ვამაყობ, რომ იუვენტუსში ისევ დამიძახეს, ახლა მთავარია, 22 აგვისტოდან ქულები დავაგროვოთ. იუვეს დნმ მკაფიოა, გამარჯვების მოპოვება მსხვერპლის გაღებით არის შესაძლებელი. მოვედი გუნდში, რომელიც სარისთან ერთად ჩემპიონი გახდა, ხოლო პირლომ ორი ტიტული მოაგებინა", - თქვა მაქსმა.

ალეგრი იუვეში დიდი მოლოდინით დაბრუნდა

ალეგრიმ კრიშტიანო რონალდოს შესახებაც ისაუბრა, რომელიც ჯერჯერობით კლუბშია, მაგრამ პსჟ-ს უკავშირებენ. პორტუგალიელი შვებულების შემდეგ იუვეს შეკრებაზე გუშინ შეუერთდა. იტალიელი სპეციალისტი კრიშტიანოზე დიდ იმედებს ამყარებს: "რონალდო დიდი ჩემპიონია, საოცარი მოთამაშე და ჭკვიანი ბიჭი. მასთან ვისაუბრე, ვუთხარი, რომ ეს მნიშვნელოვანი სეზონია. ბედნიერი ვარ, რომ ერთმანეთს ისევ შევხვდით. მას ახლა უფრო მეტი პასუხისმგელობა ეკისრება, ვიდრე 3 წლის წინ. გარდა იმისა, რომ გოლები უნდა გაიტანოს, მისგან პასუხისმგებლობის კუთხითაც ბევრს ველოდები", - აღნიშნა ალეგრიმ.

მაქსმა სეზონის წინ გამოაცხადა, რომ პაულო დიბალა გუნდის ვიცე-კაპიტანი იქნება. ეს სტატუსი წინა სეზონში ლეონარდო ბონუჩის ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელი ფიქრობს, რომ დიბალას ეს უფრო ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ბონუჩის უფრო მეტჯერ აქვს იუვეში ნათამაშები, მაგრამ 2017/18 წლების სეზონში მილანში თამაშობდა და ამიტომაც, ალეგრის აზრით, დიბალა გუნდში კიელინის შემდეგ ყველაზე გამოცდილია: "პაულო დიბალამ ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინა ფიზიკურადაც და მენტალურადაც. თამაშების რაოდენობით, კიელინის შემდეგ იუვეს კაპიტანია, რადგან ბონუჩი ჯერ წავიდა გუნდიდან და შემდეგ დაბრუნდა. პაულოს ველაპარაკე და მასში დიდი ენთუზიაზმი დავინახე. ვიტყოდი, რომ შეუძლია, შესანიშნავი სეზონი ჩაატაროს. როცა წავედი, ახალგაზრდა ბიჭი დავტოვე და ახალ შევხვდი ნამდვილ კაცს. მასზე დიდ ფსონს ვდებ და მისგან ბევრს ველი. თუ კაპიტნის სამკლაური გინდა, შეგიძლია იყიდო და ქუჩაში ითამაშო. როცა ბონუჩი გუნდში დაბრუნდა, ათვლა თავიდან დაიწყო. ახლა თავის ადგილს იბრუნებს და ეს ლეომ კარგად იცის", - თქვა ტურინელთა მწვრთნელმა.

ბოლოს ალეგრიმ უპასუხა შეკითხვას, უთხრა თუ არა ნამდვილად უარი მადრიდის რეალს. იტალიელმა ეს დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ ჟესტით იუვეს სიყვარული დაუმტკიცა: "დიახ, მადრიდის რეალს უარი ორჯერ ვუთხარი, განსაკუთრებით წელს და მადლობას ვუხდი პრეზიდენტ პერესს ინტერესისთვის. დავფიქრდი და ავირჩიე იუვენტუსი. ეს იყო სიყვარულის ჟესტი კლუბის მიმართ, რომელმაც ბევრი რამ მომცა. ამ გუნდის მჯერა და მისი გაწვრთნა სასიამოვნოა. ლამაზად თამაში კარგია, მაგრამ საჭიროა გამარჯვება, რომელიც ყველაზე მთავარია", - დასძინა მასიმილიანომ.

ანიელიმ და ალეგრიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

იუვენტუსის კაპიტან ჯორჯო კიელინის კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოწურა, რომელიც ჯერ არ განახლებულა, მაგრამ ტურინელთა პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ თქვა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს და 36 წლის იტალიელი კლუბში რჩება: "წავიკითხე, რომ კიელინი იმედგაცრუებული იყო, რადგან არ დავურეკეთ. სასაცილოდ მეჩვენება, რომ შვებულებაში ყოფნის დროს ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა. სანამ რამეს დაწერთ, ინფორმაციას უნდა გაეცნოთ, ის ჩვენთან 20 წლის ასაკიდან თამაშობს და მასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს", - თქვა ანიელიმ.

მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსს 2014-2019 წლებში ავარჯიშებდა და გუნდს 11 ტიტული მოაგებინა, მათ შორის ზედიზედ 5-ჯერ სკუდეტო და 4-ჯერ იტალიის თასი, ხოლო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. 2019 წლიდან ის ისვენებდა და "ბებერ ქალბატონს" დაუბრუნდა. იუვენტუსი ახალი სეზონს 22 აგვისტოს, უდინეზესთან საგარეო მატჩით დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები