Thumbnail

ოფიციალურად ტობი ალდერვეირელდმა ლონდონის ტოტენჰემი დატოვა. ბელგიელი მცველი კარიერას ყატარში, ალ დუჰაილში გააგრძელებს. ამის შესახებ ორივე კლუბმა და თავად ფეხბურთელმაც სოციალურ ქსელში დაადასტურა.

32 წლის ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა ყატარულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალდერვეირელდის მიმართ ინტერესს ბელგიური, ესპანური და იტალიური კლუბები იჩენდნენ, თუმცა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება ალ დუჰაილში გადაწყვიტა.

ბელგიელი მცველი ინგლისურ კლუბს 2015 წელს მადრიდის ატლეტიკოდან შეუერთდა და თანამემამულე იან ვერტონგენთან ერთად კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური დაცვის დუეტი შექმნა, რომლის დახმარებითაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშა.

2016/17 წლების პრემიერლიგის სეზონში ტოტენჰემი მეორე ადგილზე გავიდა და ეს ბელგიელი მცველების დიდი დამსახურება იყო. მათ კლუბის ისტორიაში პრემიერლიგაში საუკეთესო სეზონი ჩაატარეს და 38 შეხვედრაში მხოლოდ 26 გოლი გაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გუნდი ასევე დატოვა ერიკ ლამელამ. არგენტინელი ფეხბურთელი ახალგაზრდა ესპანელის ბრაიან ხილის ტრანსფერში ჩართეს, რომელიც ტოტენჰემში ითამაშებს, ლამელა კი კარიერას სევილიაში გააგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები