Thumbnail

ოლიმპიადა | კრივის მედალი 21 წლის შემდეგ? ესკერხან მადიევის გზა საქართველომდე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველ მოკრივეებს ოლიმპიადებზე ერთადერთი მედალი აქვთ მოპოვებული. 2000 წელს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ბრინჯაოს ვლადიმერ ჭანტურია დაეუფლა, 20 წელზე მეტის შემდეგ კი, საქართველოს შანსი აქვს მინიმუმ იგივე წარმატება გაიმეოროს.

მიზანთან ახლოს 23 წლის ესკერხან მადიევია, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე 2 ორთაბრძოლა მოიგო და თუკი მეოთხედფინალშიც იმარჯვა, ბრინჯაოს მედალი გარანტირებული ექნება (მოგეხსენებათ, კრივში 1/2-ფინალში წაგებულები მედლებს ავტომატურად იღებენ). ესკერხანს ქართული სპორტის ქომაგი ნაკლებად იცნობს, ამდენად, მისი ბიოგრაფიის გადახედვა, საინტერესო უნდა იყოს.

მადიევი 1998 წლის 12 თებერვალს რუსეთში, კერძოდ კი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქ აჩხოი-მართანში დაიბადა და წესით, საქართველოსთან არანაირი შეხება არ უნდა ჰქონოდა, თუმცა, დღეს ის სწორედ ჩვენი ქვეყნის სახელით გამოდის და კარიერის ყველაზე დიდ წარმატებასთან ახლოსაა.

ესკერხანი 3 წლის იყო, როდესაც მამამისი თურქეთში წავიდა სამუშაოდ და მალევე ოჯახის წევრებიც თან წაიყვანა. მადიევმა სტამბოლში 10 წელი გაატარა, 2011 წელს კი მადიევები უკვე თბილისში გადმობარგდნენ და ესკერხანის სპორტული კარიერაც ახალი ძალით განვითარდა.

ქართველმა მოკრივემ პირველ წრეში გამოცდილ ლორენსო სოტომაიორს მოუგო 

სპორტის ამ სახეობას მისი უფროსი ძმა მისდევდა, რომელმაც დარბაზში 10 წლის ესკერხანიც მიიყვანა, ის კი იმდენად ნიჭიერი აღმოჩნდა, რომ 3 თვის მერე თანატოლებში სტამბოლის პირველობა მოიგო.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მადიევმა ვარჯიში არტურ ბურდიანცთან დაიწყო და 2012 წელს კადეტებში საქართველოს ჩემპიონი გახდა, რასაც 2013 წელს კადეტთა მსოფლიოს პირველობაზე პირველი რაუნდში წაგება მოჰყვა.

ამან ესკერხანზე მძიმედ იმოქმედა და 2014 წლის ჩათვლით ტურნირებზე აღარ გამოსულა, 2015-ში კი მობილიზება შესძლო და სტამბოლში ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი მოიგო, პოლონეთში გამართულ კადეტთა ევროპის პირველობაზე კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.


2016 წელს ესკერხანმა იმავე ტურნირზე ბრინჯაო უკვე ოქროს მედალზე გადაცვალა, როდესაც ანაპაში ზედიზედ 5 ორთაბრძოლა მოიგო, 2017 წელს კი 22-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.

2019 წელს მადიევმა ძალები უკვე დიდებში ევროპის ჩემპიონატზე მოსინჯა და მე-9 ადგილზე გავიდა, ტოკიოს ოლიმპიადის საგზური კი წლეულს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა. იქ ესკერხანმა გერმანელ პოლ ვოლსა და ბოსნიელ ადემ ფეტაჰოვიჩს აჯობა, მეოთხედფინალში კი პირველ ნომრად განთესილ ბრიტანელ პეტ მაკკორმაკთან დამარცხდა, თუმცა, მიზნის მისაღწევად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.


შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოკრივემ ოლიმპიადაზე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე 36 წლის კუბელს, რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორს – ლორენსო სოტომაიორს 5:0 სძლია, დღეს კი, უგანდელი შადირი ბვოგი 3:1 დაამარცხა.

მეოთხედფინალში მადიევის მეტოქე საკმაოდ ძლიერი რუსი ანდრეი ზამკოვოი იქნება, რომელმაც მერვედფინალში ზამბიელ სტივენ ციმბას 4:1 სძლია. ზამკოვოი 2012 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი და 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია, თუმცა, უკვე 34 წლისაა და იქნებ, ქართველის შანსიც ეს იყოს.

მადიევსა და ზამკოვოის ორთაბრძოლა 30 ივლისს თბილისის დროით 13:51 საათიდან დაიწყება, მათ შორის გამარჯვებულს კი, ნახევარფინალში კუბელ რონიელ იგლესიასსა და ამერიკელ დელანტე ჯონსონს შორის უმჯობესი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები